“ვითხოვ, გადაიდოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და დაუყოვნებლივ დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები”

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს.

“დღევანდელი განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ბოლომდე დაკარგა დროებითი ლეგიტიმაციაც. მათ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა შეიტყვეს, რომ მათ აქვთ მოსახლეობის მხოლოდ 28%-იანი მხარდაჭერა, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 22%-იანი მხარდაჭერა, ბატონი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ – 10%-იანი მხარდაჭერა, ხოლო დანარჩენი ნაწილდება ყველა დანარჩენ პარტიაზე.

სწორედ ამ მოცემულობამ უბიძგა „ქართულ ოცნებას“, გადაედგა ეს ნაბიჯი და საბოლოოდ გასულიყო შარლ მიშელის შეთანხმებიდან, რომელშიც ხელმოწერილ ვალდებულებებს თავიდანვე არ ასრულებდა.

მე თავიდანვე ვაფრთხილებდი საზოგადოებასა და ოპოზიციონერ კოლეგებს, რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა, რადგან 2012 წლიდან დღემდე, „ოცნება“ დაკავებულია ამომრჩევლის და საერთაშორისო პარტნიორების მოტყუებით, არჩევნების გაყალბებით და ჩამოყალიბდა თაღლით ფსევდო-პოლიტიკურ გაერთიანებად.

მივმართავ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, აქტიურად ჩაერიონ შექმნილ ვითარებაში და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია დღევანდელი ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით.

მე ვაგრძელებ საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმს, რომელშიც აქამდეც ვიმყოფებოდი და ვითხოვ, გადაიდოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და დაუყოვნებლივ დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები”, – ნათქვამია კახა ოქრიაშვილის განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის …