თბილისი (BPI) – ექსპორტის განვითარების ასოციაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს – სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ანი კვარაცხელია აირჩიეს. მასთან ერთად საბჭოში გაწევრიანდნენ ნიკა ქურდიანი, დავით რაქვიაშვილი და მამუკა ბერიაშვილი, გავიდნენ იოსებ კობახიძე და დავით მაყაშვილი სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ასევე არიან გვანცა მელაძე, გიორგი აბაშიშვილი და ზურა ღამბაშიძე.
კვარაცხელია იკერძო, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამებში 2011 წლიდანაა ჩარტული. მათ შორისაა, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ღვინის კამპანია აზიაში (2011-2012), მეწარმეობის განვითარების სააგენტოს (აწარმოე საქართველოში) შექმნა, რომელსაც 2015-2017 წლებში ხელმძღვანელობდა; 2017-2019 წლებში – ანაკლიის პორტის, ქალაქისა და ეკონომიკური ზონის განვითარებაში, როგორც „სს ანაკლია სითის“ დირექტორის მოადგილე.
ექსპორტის განვითარების ასოციაცია (EDA) დაარსდა 2012 წელს ქართული საწარმოების ექსპორტის ზრდისა და დივერსიფიკაციის მიზნით. დაარსდა . 100 -მდე მეწარმეს აერთიანებს.
საბჭოს წევრების შესახებ:
ნიკა ქურდიანი – თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, მცირე, საშუალო და მიკრო სეგმენტის საბანკო მომსახურების და მარკეტინგის მიმართულებით. საბანკო ინდუსტრიაში მისი გამოცდილება 15 წელზე მეტს ითვლის, მათ შორის, ის იყო კასპი ბანკის – ყაზახეთის წამყვანი საცალო ბანკის – მმართველი დირექტორი; ხელმძღვანელობდა UniCredit Group-ის სხვადასხვა განყოფილებას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ნიკა ქურდიანის საქმიანობას უკავშირდება საქართველოში არაერთი ინოვაციური პროექტი თუ ინიციატივა, რომლებიც კერძო სექტორის, სტარტ-აპებისა და ინდუსტრიების განვითარებას უწყობს ხელს.
მამუკა ბერიაშვილი – 2020 წლიდან არის გაერთიანებული კომპანია NUTEX/ NUTSGE-ის აღმასრულებელი დირექტორი. ის თხილის სექტორში მუშაობის 22-წლიანი გამოცდილებას ფლობს. ბერიაშვილი არის თხილის მწარმოებელი/ექსპორტიორი კომპანია NUTEX-ის (2007), და კომპანია NUTSGE-ის (2012) დამფუძნებელი.
დავით რაქვიაშვილი – კურირებდა აშშ საელჩოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ დეპარტამენტებს. 2000 წლიდან არის სამთო გამყოლთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტია. ასევეა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის თანადამფუძნებელი.
გვანცა მელაძე – ეკონომიკური განვითარების პროექტებში 20 წლიანი გამოცდილებით, პრივატიზაციის, ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით. 2013 წლიდან ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა (2019 წლამდე).
ზურა ღამბაშიძე – ვაჭრობის და გაყიდვების კომპანიებში მუშაობის 20 წ გამოცდილებით.
გიორგი აბაშიშვილი 2019 წლიდან გაეროს ეკონომიკისა და სოციალური მიმართულების განყოფილებაში მუშაობს და არის საქართველოს ეროვნული კონსულტანტი, სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს პარლამენტში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეკონომიკური მიმართულებით; ჩართული იყო არაერთი კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციის ეკონომიკური სტრატეგიის განვითარებაში, ასევე, მართავდა საერთაშორისო ფონდების პროექტებს სამოქალაქო, ეკონომიკური თუ პოლიტიკური განათლების მიმართულებით.