თბილისი (BPI) – გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივითა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, კონკურსი “კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2020” საქართველოში უკვე მესამედ გაიმართა, სადაც კატეგორიაში „ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა“ ჯილდო „ეფეს საქართველოს“ გადაეცა. ეს კომპანიის უკვე მეხუთე ჯილდოა, რომელიც CSR-ის სხვადასხვა კონკურსში „ეფეს საქართველომ“ მიიღო 2018 წლის შემდეგ.
„საამაყოა, როდესაც კომპეტენტური ჟიური ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტს შორის შენსას გამოარჩევს. მადლობა კონკურსის ორგანიზატორებსა და ჟიურის თითოეულ წევრს აღიარებისთვის. ეს ჯილდო დამატებითი მოტივაციაა არა მხოლოდ კომპანიის ხელმძღვანელებისთვის, არამედ ყველა თანამშრომლისთვის. ეს ჯილდო დასტური იმისა, რომ კომპანიის საქმიანობა ეყრდნობა მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას, რასაც გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიისთვის, ისე საზოგადოებისთვის. ამასთან, გარკვეული წვლილი შეგვაქვს საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროს განვითარებაში,“ – განაცხადა „ეფეს საქართველოს“ კოეპორაციულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.
„ეფეს საქართველოს“ გამარჯვება კატეგორიაში „ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა“ კომპანიის საქმიანობაში მკაფიოდ განსაზღვრულმა პრიორიტეტებმა და შესაბამისმა აქტივობებმა განაპირობა, როგორიცაა, თანამშრომლებისთვის ღირსეული და უსაფრთხო გარემოს შექმნა, თანამშრომლებისთვის ინდივიდუალური განვითარების გეგმა და ტრენინგები, თანასწორობაზე დამყარებული ბიზნეს ეთიკის კოდექსი, გენდერული ბალანსის მხარდაჭერა, COVID19– ის დროს დისტანციური მუშაობა, ონლაინ შეხვედრები და ტრენინგები, ლუდსახარშისა და ოფისების ყოველდღიური დეზინფექცია, ტემპერატურის კონტროლი, ხელთათმანები, ნიღბები და სადეზინფექციო საშუალებები პერსონალისთვის და ა.შ.
კონკურსი “კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2020”, რომელშიც 70 კომპანია, CSR პროექტებით მონაწილეობდა, მიზნად ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებასა და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას ისახავს. სიღარიბის აღმოფხვრა; ხარისხიანი განათლება; ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა; მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა; გონივრული მოხმარება და წარმოება; პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის – ეს ის კატეგორიებია, რომლებშიც გამარჯვებული კომპანიები საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიურის წევრებმა გამოავლინეს და დააჯილდოვეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში “კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს” გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი, პირველად 2018 წელს გაიმართა. კომპანია “ეფეს სქართველომ” 2018 წელსაც გაიმარჯვა კატეგორიაში “გარემოს დაცვისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი”. 2019 წელს, კატეგორიაში “პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის” “ეფეს საქართველოსა“ და არასამთავრობო ორგანიზაციის “ჩვენი სახლი – საქართველო” პარტნიორული პროექტი “ფონდი ნატახტარი“ საუკეთესოდ დასახელდა.