ეს იყო ბანკის მცდელობა, რომ საკუთარი მომხმარებლები რისკებთან დაკავშირებით ინფორმირებული ამყოფოს, – ამის შესახებ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ თიბისი ბანკის მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა. ბანკმა რამდენიმე დღის უკან საკუთარ მომხმარებლებს შეტყობინებები გაუგზავნა და გააფრთხილა, რომ სანქციებთან დაკავშირებული ტრანზაქციების გამოვლენის შემთხვევაში, ბანკი უფლებას იტოვებს, წინასწარი შეტყობინების გარეშე დახუროს მომხმარებლის ანგარიშები.
„ჩვენც ვცდილობთ, სხვადასხვა პლატფორმებით მაქსიმალურად გავავრცელოთ ინფორმაცია სანქციებთან დაკავშირებით. იცოდეს ყველა მომხმარებელმა რა რისკები ახლავს თან და ასევე როგორ შეძლოს სწორად ნავიგაცია ბიზნესის კეთებისას, რა დოკუმენტები წარადგინოს ბანკში, როდესაც ტრანზაქციას აკეთებს და ასე შემდეგ“, – აღნიშნა პაპუნა ლეჟავამ.
ცნობილია, რომ 2022 წლის თებერვლიდან დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციას დაუწესეს სხვადასხვა სახის სანქცია, რომელთა მიზანსაც წარმოადგენს რუსეთის და რუსეთთან დაკავშირებული პირებისთვის შეზღუდვების დაწესება. მათ შორისაა, აქტივების გაყინვა, ბლოკირება, ფინანსურ რესურსებზე წვდომის შეზღუდვა, პროდუქციის მიწოდების შეზღუდვა და სხვა.
სანქციები ვრცელდება როგორც აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროკავშირიდან რუსეთის მიმართულებით გარკვეული პროდუქციის პირდაპირ ან არაპირდაპირ ექსპორტზე, ასევე, რუსეთიდან აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის მიმართულებით საქონლის ექსპორტის ოპერაციებზე.