საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ახალი ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში დაინტერესებული მხარეებისთვის სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა.
შეხვედრაზე ეროვნულმა ბანკმა გასული წლის აქტივობები შეაჯამა და ორგანიზაციებს 2023 წლის პროექტები გააცნო. პრეზენტაციები ასევე წარადგინეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე საგანმანათლებლო, საჯარო, სამოქალაქო, მედია და კომერციული სექტორის წარმომადგენლებმა განიხილეს 2023 წლის სამოქმედო გეგმაში მათი ჩართულობის საკითხი. მხარეები შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ შემუშავდება 2023 წლის საგანმანათლებლო აქტივობების გეგმა.
აღსანიშნავია, რომ ახალი სტრატეგიის ფარგლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა დაინტერესებულ მხარეთა ინტერესი. 2023 წლის პროექტებში ჩართვებიან: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შემოსავლების სამსახური, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო, საპენსიო სააგენტო, ახალგაზრდობის სააგენტო, “საზოგადოება და ბანკები”, “ჯუნიორ ეჩივმენთ საქართველო”, “აფლატუნ ინტერნეიშენალი (Aflatoun International)”, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდი (DSIK), ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE), სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA), საქართველოს საბანკო ასოციაცია, საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ბაზის ბანკი, ლიბერთი ბანკი, კრედო ბანკი, პაშა ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემბისი”, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “სვისკაპიტალი”, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალი”, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
“შეხვედრა ფინანსური განათლების ახალი ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავდა მიმდინარე წლის აქტივობების დაგეგმვას. მსგავსი შეხვედრები დაინტერესებული მხარეების გაცნობისა და ერთმანეთთან დაკავშირების კარგი შესაძლებლობაა. ორგანიზაციებს, რომლებთანაც ეროვნული ბანკი ამა თუ იმ ცალკეულ პროექტზე თანამშრომლობს, ეძლევათ საშუალება, უკეთესად გაეცნონ ერთმანეთის საქმიანობასა და პრიორიტეტებს. ეს კი არსებული აქტივობების უფრო ეფექტიანად წარმართვას შეუწყობს ხელს”, – აღნიშნა მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა ლაშა გზირიშვილმა.