ეროვნული ბანკი, საზედამხედველო სტრატეგიის შემუშავების პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველსაყოფად, 2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიის პირველად დოკუმენტს აქვეყნებს.
ახალი საზედამხედველო პრიორიტეტების განსაზღვრისას საზოგადოების და საფინანსო სექტორის ჩართულობისა და მათი მოსაზრებების მიღების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა საზედამხედველო სტრატეგიის კითხვარი 2022 წელს უკვე გამოაქვეყნა (პრესრელიზი; კითხვარი). კითხვარის საშუალებით მოსაზრებები წარმოადგინეს როგორც კერძო, ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა. დაინტერესებულმა მხარეებმა გამოკვეთეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის:
- ორგანიზაციულ დონეზე რისკების მართვის ჩარჩოს დახვეწა (აისახა I და III პრიორიტეტში)
- კიბერუსაფრთხოება და მონაცემთა დაცვა (აისახა I და III პრიორიტეტში)
- კაპიტალიზაცია და შიდა კაპიტალისა და ლიკვიდობის ადეკვატურობის შეფასების პროგრამების იმპლემენტაცია (აისახა I და IV პრიორიტეტში)
- ორგანიზაციების მზაობა გარე შოკებისთვის (აისახა I პრიორიტეტში)
- კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა საფინანსო სექტორში (აისახა II პრიორიტეტში)
- მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობა (აღნიშნულის ხელშეწყობას ემსახურება ყველა საზედამხედველო პრიორიტეტის ერთობლიობა)
- ღია ბანკინგის იმპლემენტაცია (აისახა III პრიორიტეტში)
- საფინანსო სექტორის გაციფრულების ხელშეწყობა (აისახა III პრიორიტეტში)
- მარეგულირებელი აქტების შემუშავების პროცესების საფინანსო სექტორის წარმომადგენლების უფრო მეტი ჩართულობა (აისახა V პრიორიტეტში) და სხვა
საერთაშორისო პრაქტიკისა და ტენდენციების ანალიზის, დაინტერსებული მხარეებისგან მიღებული მოსაზრებების, საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების, ნაკისრი ვალდებულებებისა და საზედამხედველო მანდატის ფარგლებში გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა, 2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიის შემდეგი პრიორიტეტები განსაზღვრა:
- საფინანსო სექტორის რისკების მართვის ჩარჩოს გაუმჯობესება და შედეგებზე პროაქტიული რეაგირება
- საფინანსო სექტორში კონკურენციის ხელშეწყობა
- ფინანსური ინოვაციების წახალისება და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარება
- საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება
- ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება და გამჭვირვალობის ზრდა
აღნიშნული საზედამხედველო პრიორიტეტები ეფუძნება და სრულ შესაბამისობაშია ეროვნული ბანკის საზედამხედველო მანდატთან, ამოცანებთან და ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დამტკიცებულ საფინანსო სექტორის საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების ძირითად მიმართულებებთან (დეტალურად, გთხოვთ, იხილოთ აქ).
ეროვნული ბანკი განაგრძობს 2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიაზე, მათ შორის, თითოეულ საზედამხედველო პრიორიტეტზე, შესაბამის აქტივობებსა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობას. საზედამხედველო სტრატეგიის პირველად დოკუმენტს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე.
საფინანსო სექტორის წარმომადგენლებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს მოსაზრებები 2023 წლის 12 მაისამდე გამოაგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე: supervisorystrategy@nbg.gov.ge.
საჯარო კონსულტაციის დასრულების შემდგომ დოკუმენტი საბოლოო სახით დამტკიცდება და გამოქვეყნდება.