“კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების” მიხედვით აღებული ვალდებულების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფის განსაზღვრის ინსტრუქცია შეიმუშავა, რომელსაც საჯარო კონსულტაციის ფარგლებში დაინტერესებულ საზოგადოებას წარუდგენს. დოკუმენტის შემუშავებისას მხედველობაში იქნა მიღებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, მათ შორის ევროპის საბანკო ასოციაციის (EBA) მიდგომები ანალოგიურ საკითხთან მიმართებაში.
აღნიშნული ინსტრუქციის მიზანია საბანკო სისტემის მასშტაბით ჩამოყალიბდეს ერთიანი პრინციპები, რომლის საფუძველზეც კომერციული ბანკები დააიდენტიფიცირებენ განსხვავებულ მსესხებლებს შორის იმგვარ ურთიერთკავშირებს, რომლის შედეგად ერთი მათგანის ფინანსურმა პრობლემამ შესაძლებელია მატერიალური ნეგატიური გავლენა მოახდინოს მეორე მათგანზე. მსესხებლებს შორის მსგავსი ურთიერთდამოკიდებულება ბანკისთვის წარმოშობს ერთ მთლიან რისკს, შესაბამისად მნიშვნელოვანია ბანკს ჰქონდეს სწორი ხედვა პოტენციურ რისკებზე და მოახდინოს დაკავშირებული მსესხებლების ერთ ჯგუფად აღრიცხვა კონცენტრაციის რისკების უკეთ მართვის მიზნით.
ეროვნული ბანკი ელის დაინტერესებული მხარეებისგან კომენტარებს და შენიშვნებს 2022 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: group_of_connected_clients@nbg.gov.ge. ინსტრუქცია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.