ეროვნული ბანკი საზედამხედველო სტრატეგიის 2022 წლის გამოცემას აქვეყნებს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2020-2022 წლების საზედამხედველო სტრატეგიის 2022 წლის გამოცემა გამოაქვეყნა.

ეროვნული ბანკი, ეკონომიკის მიმდინარე გამოწვევებთან გასამკლავებლად, დიდ ყურადღებას უთმობს გრძელვადიან პოლიტიკას, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ინკლუზიურ და მდგრად ზრდას. სწორედ ამ მიზნით წინასწარ აქვეყნებს საზედამხედველო პრიორიტეტებს.

საზედამხედველო სტრატეგიის პირველი დოკუმენტი, რომელიც 3 წლის (2020-2022 წწ.) სტრატეგიულ პრიორიტეტებს ითვალისწინებდა სებ-მა 2020 წელს, ხოლო მისი პირველი განახლება 2021 წელს გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ საზედამხედველო პრიორიტეტები 3 წლის მანძილზე უცვლელია, ეროვნული ბანკი საზედამხედველო სტრატეგიას ყოველწლიურად ანახლებს, რადგან საზედამხედველო პრიორიტეტების ამოცანებსა და შესრულების ვადებში შესული ის ცვლილებები ასახოს, რომლებიც ეროვნული ბანკის საზედამხედველო მანდატისა და მისიის ეფექტიანად შესრულებას ემსახურება.

დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის გაძლიერება, საფინანსო სექტორის მდგრადი ფუნქციონირების ხელშეწყობა, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება, მდგრადი ფინანსური ტექნოლოგიების ეკოსისტემის განვითარება – ეროვნული ბანკის გრძელვადიანი მიზნები და სტრატეგიული პრიორიტეტები 2022 წელსაც უცვლელი დარჩა.

სტრატეგიის გამოქვეყნებასთან ერთად, ეროვნულმა ბანკმა  სტრატეგიის წარდგენის პრაქტიკაც დანერგა. ეროვნულმა ბანკმა  საფინანსო სექტორის წარმომადგენლებსა და  დარგის ექსპერტებს საზედამხედველო სტრატეგიის 2021 წლის გამოცემა წარუდგინა და გააცნო საზედამხედველო პრიორიტეტები და დაგეგმილი რეფორმები. სტრატეგიის 2021 წლის განახლების შესახებ პრეზენტაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

აღსანიშნავია, რომ Covid-19 პანდემიის მიუხედავად, ეროვნულმა ბანკმა სტრატეგიის პირველივე წელს, საზედამხედველო პრიორიტეტების მიღწევისა და შესაბამისი ცვლილებების გეგმის შესრულების კუთხით, საგრძნობ პროგრესს მიაღწია.

ამასთან, ეროვნულმა ბანკმა ახალ საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა უკვე დაიწყო, რომელშიც მომდევნო სამი წლის (2023-2025 წწ.) ახალი სტრატეგიული პრიორიტეტები და შესაბამისი ამოცანები იქნება გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ ახალი სტრატეგიის შემუშავების პროცესს ეროვნული ბანკი კერძო და სამოქალაქო სექტორის უფრო მეტი ჩართულობით წარმართავს. დოკუმენტი, საბანკო სექტორის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით შემუშავდება, რაც გრძელვადიანი საზედამხედველო პოლიტიკის კიდევ უფრო მეტ ეფექტიანობას უზრუნველყოფს. ახალი სტრატეგიის  შემუშავების პროცესში ჩართვის შესაძლებლობის შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება.

საზედამხედველო სტრატეგიის 2022 წლის გამოცემას დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე. 2021 წლის სტრატეგიის შესრულების დეტალური ანგარიშიც ამავე დოკუმენტშია ხელმისაწვდომი.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …