ეროვნული ბანკი მოდელის რისკის მართვის დებულების განახლებულ პროექტს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი “ფინანსურ ინსტიტუტში მონაცემებზე დაფუძნებული სტატისტიკური, ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების მოდელების რისკების მართვის” დებულების განახლებულ პროექტს აქვეყნებს.

მონაცემებზე დაფუძნებული მოდელების გამოყენება საფინანსო სექტორში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მსოფლიოში სულ უფრო აქტუალური ხდება. ასევე, გაზრდილია მოთხოვნა/ინტერესი მოდელის უსაფრთხო და ეთიკური გამოყენების მიმართ. საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ტენდენციების შესაბამისად ახდენს “სტატისტიკური, ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების მოდელების რისკების მართვის დებულების” დახვეწას და დოკუმენტის განახლებულ ვერსიას საზოგადოებას საჯარო კონსულტაციებისთვის სთავაზობს. პროექტის განახლებული ვერსიის საბოლოოდ ფორმირებისთვის მნიშვნელოვანია მონაწილე სუბიექტების აქტიური ჩართულობა, მათი მოსაზრებების, შენიშვნებისა და რეკომენდაციების  გაცნობა.

დებულებას სამი ახალი მიმართულება დაემატა. პირველი, სექტორში მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა მოდელის ეთიკური გამოყენების ჩარჩოს შემუშავების აუცილებლობა, რის საპასუხოდაც დებულებაში განისაზღვრა მოდელის განვითარების, დანერგვისა და გამოყენების პროცესში გასათვალისწინებელი ეთიკის პრინციპები და მოდელის შესაძლო არაეთიკური გამოყენების მიტიგაციის გზები. მეორე ცვლილება ეხება რისკზე დაფუძნებული მიდგომის გაფართოებას – დებულების ცვლილების ფარგლებში, შემუშავდა რისკიანობის მიხედვით მოდელების რანჟირების მეთოდოლოგია. მესამე, გაფართოების მიხედვით კი ხაზი გაესვა მოდელის გამომყენებელი სუბიექტების მიერ სტატისტიკური მეთოდის საშუალებით მოდელის გამჭვირვალობისა და ინტერპრეტირებადობის უზრუნველყოფას. აღსანიშნავია, რომ  დოკუმენტში სრულად არის ასახული საფინანსო სექტორიდან მიღებული შენიშვნები და რეკომენდაციები. ასევე, ცვლილებებში გათვალისწინებულია საქართველოს ფინანსურ სექტორში არსებული პრაქტიკა, გამოწვევები და თანამედროვე საერთაშორისო საზედამხედველო გამოცდილება.

განახლებული დებულების გაცნობა შესაძლებელია სამართლებრივი აქტების პროექტების გვერდზე. საჯარო კონსულტაციების ფარგლებში, ეროვნული ბანკი მიესალმება დაინტერესებული პირებისგან შემოთავაზებისა და შენიშვნების მიღებას. პროექტთან დაკავშირებული მოსაზრებების გამოგზავნა შესაძლებელია 2022 წლის 1 მარტამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: innovationoffice@nbg.gov.ge.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …