ეროვნული ბანკი მეწარმეთა ფინანსური განათლების მიზნით ტრენერთა გადამზადებას განაგრძობს

თბილისი (BPI) – მიკრო და მცირე მეწარმეების ფინანსური განათლების პროგრამის ფარგლებში,  მეწარმეების ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლებისა და ქვეყანაში მეწარმეთა ხელშეწყობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების შესაძლებლობების ზრდის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის დაინტერესებული ორგანიზაციების ტრენერების გადამზადებას განაგრძობს.

ამჯერად ტრენერთა ტრენინგში (TOT) მონაწილეობა ფინანსთა სამინისტროს აკადემიისა და “კრეატიული განვითარების ცენტრის” (CDC) ტრენერებმა მიიღეს, რომლებიც მეწარმეთა შესაძლებლობების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა პროექტს ახორციელებენ.

“კრეატიული განვითარების ცენტრი”, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული პროგრამის მიხედვით, გეგმავს ფინანსური განათლების მოდული საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 3 – წლიანი პროექტის “ინტერნეტი განვითარებისთვის” ბენეფიციარ 3 000 – მდე მეწარმეს შესთავაზოს.

მიკრო და მცირე მეწარმეთა ფინანსური განათლების პროგრამა ეროვნულმა ბანკმა 2018 წელს “ევროპული ფონდის სამხრეთ – აღმოსავლეთ ევროპისათვის” განვითარების პროგრამასთან (EFSE DF) და ექსპორტის განვითარების ასოციაციასთან (EDA) თანამშრომლობით შეიმუშავა. პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მიკრო და მცირე საწარმოების მფლობელებსა და მომავალ მეწარმეებს შეიძინონ და განავითარონ ის ცოდნა და უნარები, რაც მათ საკუთარი ბიზნესის საჭიროებებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ. პროგრამის ფარგლებში, შემუშავდა მეწარმეთა სახელმძღვანელო, სესხის კალკულატორი და ფინანსური უწყისები, რომლებიც ეროვნული ბანკის ვებგვერდზე უფასოდაა ხელმისაწვდომი.

2018 წელს ტრენერთა ტრენინგის გზით 15 ტრენერი, ხოლო ბენეფიციართა ტრენინგის გზით 80 – მდე მეწარმე გადამზადდა ქვემო ქართლისა და სამცხე – ჯავახეთის რეგიონებიდან.

ფინანსური განათლება მეწარმეებისთვის

საქართველოს ეროვნულ ბანკში ტრენერთა ტრენინგის გავლის შემდეგ, ტრენერები შეძლებენ დამოუკიდებლად ჩაატარონ ტრენინგი ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობასა და ფინანსური გადაწყვეტილებების შესახებ ნებისმიერ სფეროში დასაქმებული მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის; ბენეფიციარებთან ერთად განიხილონ  საკვანძო საკითხები რეალურ მაგალითებსა და პრაქტიკულ რჩევებზე დაყრდნობით; და დაეხმარონ მეწარმეებს საკუთარი ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის შეფასებაში ძირითადი ინდიკატორების გამოთვლისა და დამხმარე ინსტრუმენტების – კალკულატორებისა და ფინანსური უწყისების – გამოყენების გზით. 

ეროვნული ბანკი მთელი წლის განმავლობაში გეგმავს ტრენერთა და ბენეფიციართა ტრენინგების ციკლის გაგრძელებას. 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …