ეროვნული ბანკი ინტერაქტიული სტრეს-ტესტის განახლებულ შედეგებს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ინტერაქტიული სტრეს-ტესტის განახლებულ შედეგებს აქვეყნებს, სადაც სტრესული სცენარების შემთხვევაში ბანკების კაპიტალის დინამიკაა წარმოდგენილი. სტრეს-ტესტი საბანკო სექტორის მდგრადობის შეფასების ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია, რომელიც კომერციული ბანკების ფინანსური გამჭვირვალობის გაზრდას უზრუნველყოფს. ინტერაქტიული სტრეს-ტესტის შედეგები ყოველწლიურად განახლდება. ასევე, მიღებული შედეგები ყოველწლიურად ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში ქვეყნდება.

 

აღნიშნული ინსტრუმენტის გამოყენებით, შესაძლებელია პოტენციური რისკების დროულად გამოვლენა და ბანკების დიდ შოკებთან გამკლავების უნარის შეფასება. ინტერაქტიული პლატფორმის მეშვეობით, დაინტერესებულ საზოგადოებას თავად შეუძლია თითოეული მაკროეკონომიკური ცვლადისთვის ჰიპოთეტური სტრესული სცენარის არჩევა და კომერციული ბანკის კაპიტალის კოეფიციენტის დინამიკაზე დაკვირვება.

 

აღსანიშნავია, რომ სტრეს სცენარები და სტრეს-ტესტის დაშვებები არ არის და არ შეიძლება ჩაითვალოს ეროვნული ბანკის პროგნოზებად. ეს დაშვებები მხოლოდ თეორიული სიმულაციაა, რომელიც, მათი რეალიზაციის შემთხვევაში, ფინანსური სექტორის მდგრადობის შესაფასებლად გამოიყენება. სტრეს-ტესტის განმარტებიდან და მიზნიდან გამომდინარე, მისი დაშვებები უნდა იყოს საკმარისად მძიმე, ნაკლებ სავარაუდო, თუმცა შესაძლებელი.

 

სტრეს-ტესტის შედეგების მიხედვით, რომელიც აგვისტოს თვის მონაცემებს ეყრდნობა, ზომიერი და მკაცრი სტრეს სცენარის შემთხვევაში ყველა ბანკი, მიუხედავად დანაკარგებისა, მდგრადობას ინარჩუნებს, ხოლო ექსტრემალური სტრეს სცენარის დროს ზოგიერთი ბანკი მინიმალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დამატებით კაპიტალს საჭიროებს. აღსანიშნავია ისიც, რომ სტრეს-ტესტი არ განიხილავს ბანკების მხრიდან შოკების საპასუხოდ აქტიურ რეაგირებას ან ბიზნეს მოდელის ცვლილებას, რამაც შესაძლოა შოკის გავლენა შეარბილოს. თუმცა, მიმდინარე შეფასებით, მფლობელობის არსებული სტრუქტურიდან გამომდინარე, ბანკებს კაპიტალის შევსების კარგი შესაძლებლობა აქვთ. შესაბამისად, კაპიტალის ჰიპოთეტური დანაკარგები სისტემის სტაბილურობას და მდგრადობას საფრთხეს არ უქმნის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ექსტრემალურ სტრეს სცენარში კაპიტალის კოეფიციენტი აღდგენას მეორე წლის ბოლოდან იწყებს, რასაც აქტივების ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, მდგრადი საოპერაციო მომგებიანობაც უწყობს ხელს.

 

სტრეს-ტესტის ძირითადი მახასიათებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია  განთავსებულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …