კობა გვენეტაძე საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის ფარგლებში ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიშს წარადგენს. სწორედ ამ წუთებში, სებ-ის პრეზიდენტი ფინანსური ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე საუბრობს.
“ფინანსურ სექტორში ინოვაციებისა და ინოვაციური ორგანიზაციების წილი მზარდია, რასაც, როგორც ახალი შესაძლებლობები, ასევე ახალი რისკები მოაქვს. ამავდროულად, ფინანსური სექტორი მთელს მსოფლიოში ეკონომიკის ყველაზე მეტად რეგულირებად სექტორად რჩება. უფრო მეტიც, რეგულირებას მზარდი ტენდენცია აქვს. ეროვნული ბანკი ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუტია, რომელიც ფინანსურ სექტორში ისეთი ინოვაციების და ტექნოლოგიების დანერგვას უწყებს ხელს, რომლებიც არა კომერციულ ინტერესებს, არამედ მოსახლეობისთვის მეტი ინოვაციური სერვისის მიწოდებას და სხვადასხვა ტექნოლოგიური დარგის განვითარებას ემსახურება. 2021 წლის განმავლობაში გავაგრძელეთ ღია ბანკინგის საკითხებზე აქტიური მუშაობა. ღია ბანკინგის დანერგვის პირველი ეტაპის წარმატებით განხორციელების შემდეგ, 2021 წლის 31 მარტიდან ხელმისაწვდომი გახდა კომერციულ ბანკებს შორის ღია ბანკინგით ინფორმაციის მიმოცვლა”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.