ენერგოსექტორი ახალ რეალობაში

თბილისი (BPI) – „2020 წელი გარდამტეხი იქნება საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის გახსნის კუთხით, 2021 წლიდან კი ბაზრის სრული ლიბერალიზაცია განხორციელდება“, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრმა, მაია მელიქიძემ  საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

მისი განცხადებით, ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზების ვალდებულება საქართველოს 2017 წლიდან აქვს, როდესაც ქვეყანა ევროპის ენერგოგაერთიანების წევრი გახდა. თავის მხრივ, აღნიშნულ ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანების ვალდებულება საქართველოს ევროკავშირთან 2014 წელს დადებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ჰქონდა. 2019 წლის ბოლოს კი უკვე შეიქმნა შესაბამისი კანონმდებლობა და ჩამოყალიბდა საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც ენერგორესურსების გადაცემას, მიწოდებას და განაწილების საკითხებს ისე დაარეგულირებს, რომ მოხმარებელს არჩევანი გაუფართოვდება.

როგორც მელიქიძე აცხადებს, 2019 წელი სრულად დაეთმო  ახალი კანონმდებლობის ჩამოყალიბებას.  აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა  პარლამენტთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან. 2019 წლის მიწურულს ორი მნიშვნელოვანი კანონი იქნა მიღებული.  ერთი არის სრულიად ახალი კანონი წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის მომარაგების შესახებ და მეორე განახლებადი ენერგიების შესახებ.

„ახლა ვმუშაობთ ენერგოეფექტიანობის კანონთან დაკავშირებით. ბაზრის სრული ლიბერალიზაცია ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ 2019 წლის დეკემბერში შეიქმნა საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა ანუ საქართველოს ენერგეტიკული ბაზარი. არსებობს ე.წ. [ენერგიის] გადაცემა, მიწოდება და განაწილება. თუ დღეს გინდათ, მაგალითად, ამ ოთახში ელექტროენერგია მიიღოთ, აუცილებელია, „თელასს“ მიმართოთ. ჩვენი მიზანია, რომ „თელასი“ ცალკე გამოვიდეს, მხოლოდ განაწილების ნაწილში დარჩეს და შეიქმნას სხვა დიდი კომპანია მიწოდების ნაწილში“, – განაცხადა მაია მელიქიძემ.მისი განმარტებით, ენერგოკომპანიებს ფუნქციების გაყოფა მოუხდებათ.

„იქიდან გამომდინარე, რომ 2020 გარდამავალი წელი იქნება, 2021 წლიდან სრული ლიბერალზიაცია იქნება. თემა ის არის, რომ ფუნქციების გაყოფა უნდა მოხდეს. კომპანიები, რომლებიც ორივე ფუნქციას ახორციელებდნენ, როგორიც არის გადაცემა-განაწილება, ახლა ამ კომპანიების სრულად გაყოფა უნდა მოხდეს. ანუ „თელასისგან“ უნდა შეიქმნას ორი ახალი კომპანია. ერთი განახორციელებს განაწილებას და მეორე – მიწოდებას. ამიტომ კომპანიებისთვის ეს გახლეჩვა გარკვეული გამოწვევაა, თუმცა ეს შექმნის სამუშაო ადგილებს და ბაზარზე მეტ მიმწოდებელს გააჩენს. თბილისში მარტო „თელასის“ არჩევა კი არ შეგეძლება, არამედ ნებისმიერის“, – განაცხადა მაია მელიქიძემ.

მისი განმარტებით,  ბაზრის ლიბერალიზაციის შედეგად უკვე გაზრდილია მოთხოვნა მცირე, 13-მეგავატიანი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების [ჰესების] მშენებლობაზე, რომელსაც სემეკი არ არეგულირებს.

„დერეგულირებული ჰესი იმას ნიშნავს, რომ შეუძლია, პირდაპირ მომწოდებელთან დადოს ხელშეკრულება. მაგალითად, შარშან მაისის თვეში რამდენიმე მსხვილი მომხმარებელი პირდაპირ თავისუფალ ბაზარზე გავუშვით, რაც ნიშნავს, რომ გენერაციის წყარო თავად უნდა ეპოვათ და მასთან პირდაპირ დაედოთ ხელშეკრულება, რაც მოახერხეს კიდეც“, – განაცხადა მაია მელიქიძემ.

მისივე განცხადებით,  ელექტროენერგია საქართველოში უკვე დეფიციტური პროდუქტია, რის გამოც მისი იმპორტი და შესაბამისად, ღირებულებაც იზრდება. ამიტომ ხარჯების შემცირების მიზნით, აუცილებელია, რომ მომხმარებელმა დაზოგვა ისწავლოს და პარალელურად ეცადოს, საკუთარი მცირე გენერაციის ობიექტი შექმნას, რისი საშუალებითაც ჭარბ ელექტროენერგიას თავისუფალ ბაზარზე გაყიდის. ამ შესაძლებლობას ახალი ენერგობაზრის რეალობა იძლევა.

როგორც მელიქიძე აცხადებს, დღეს შესაძლებელია, რომ ბათუმში მზის პანელებით ენერგია აწარმოონ და ბორჯომში მოიხმარონ. აქამდე აუცილებლად ერთი და იგივე ადგილზე უნდა მომხდარიყო წარმოებაც და გამოყენებაც. ანუ თუ ფიზიკური პირი ბათუმში ენერგიას აწარმოებს და არ მოიხმარს, შეუძლია, ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე მოიხმაროს.

„ეს განსხვავება შარშან განვახორციელეთ. არსებობს ე.წ. რევერსული მრიცხველები, როდესაც ჩვენ ელექტროენერგიას ჩვენთვის ვაწარმოებთ და მოვიხმართ სხვა მიმართულებით ტრიალებს და თუ არ მოვიხმართ ენერგიას და ის საერთო ქსელში გადის, ეს ნიშნავს, რომ ამას გამანაწილებელი კომპანია ყიდულობს. შესაბამისად, ყოველი წლის პირველ მაისს დგება ვალდებულება, რომ თუ ვთქვათ ზედმეტი გენერაცია მოხდა და როგორც ბოლო პერიოდის სტატისტიკა აჩვენებს, ძირითადად, ასე ხდება ხოლმე, კომპანია ვალდებულია, ფიზიკურ პირს თანხა გადაუხადოს. კომპანიების დიდად მოხარული არ იყვნენ ამის გამო, მაგრამ სხვა რა გამოსავალი აქვთ, ეს სემეკ-ის გადაწყვეტილებაა“, – განმარტა მაია მელიქიძემ.

მისი თქმით, აღნიშნული დერეგულირება ჯერჯერობით მხოლოდ ელექტროენერგიის სექტორს შეეხება და როდესაც სისტემა აეწყობა, ცვლილებები ბუნებრივი აირის სფეროზეც გავრცელდება. აღნიშნულ რეფორმის შედეგად, სემეკი სამომხმარებლო ტარიფის კლებას ელოდება.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ ბევრი საინტერესო მიღწევა გვექნება, რადგან არაერთი განვითარებული ქვეყანა დიდი წარმატებით ამბობს, რომ ტარიფები ჩამოვიდა პრინციპში ნულამდე სწორედ იმის დამსახურებით, რომ საკუთარი გენერაციის ხელშეწყობა მოხდა“, – აცხადებს მელიქიძე.

სემეკის წევრი აცხადებს, რომ მერიასთან აქტიურად მუშაობს, რათა ქალაქში ელექტრომობილების დამუხტვა დაახლოებით 300 ადგილზე იყოს შესაძლებელი.შედეგად, სემეკი მიმდინარე წელს ელექტრომობილების დამუხტვის ახალი წესების შემუშავებას აპირებს.

მელიქიძის განმარტებით, სემეკი საერთაშორისო გამოცდილების დანერგვას გეგმავს.

„ახლა ვიწყებთ ე.წ. თვინინგის ანუ დაძმობილების პროგრამას. ამ ნაწილში გავიზიარებთ საერთაშორისო და ევროპულ პრაქტიკას. დღეს რა მოცემულობაც გვაქვს, დავთვალეთ რამდენი ელექტრომობილია ქვეყანაში. ვერ ვიტყვით, რომ ძალიან ბევრია, რადგან ეს მანქანა დიდი ხნით გადაადგილების საშუალებას არ გვაძლევს, მაგრამ დამტენებთან დაკავშირებით მერიასთან აქტიურად ვსაუბრობთ. დახლოებით 300-მდე ლოკაცია უნდა იყოს, განსაკუთრებით პარკირების ადგილებში, სადაც დამონტაჟდება. გარდა ამისა, ქალაქგარეთაც უნდა იყოს. უბრალოდ, იქ კერძო კომპანიას აქვს დამონტაჟებული და შემოსავალსაც იღებს, მაგრამ კარგი იქნება თუ პირველ ეტაპზე ამ თვალსაზრისით სახელმწიფო დაიწყებს მუშაობას“, – განმარტავს მელიქიძე.

სემეკის წვერის ინფორმაციით, ენერგოეფექტურ შენობაში ჩადებულ ინვესტიციას ადამიანი სამ-ოთხ წელში ამოიღებს, შენობით კი 20 წელი ისარგებლებს. საქართველოს ენერგეტიკული ბაზარი ლიბერალიზების მიმართულებით მიდის, 2019 წლის ბოლოს კი უკვე შეიქმნა შესაბამისი კანონმდებლობა და ჩამოყალიბდა საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც ენერგორესურსების გადაცემას, მიწოდებას და განაწილების საკითხებს ისე დაარეგულირებს, რომ მოხმარებელს არჩევანი გაუფართოვდება. რაც შეეხება ენერგოეფექტიანობის საკითხს, ჯერჯერობით შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა არ არსებობს და ტერმინიც კი დასაზუსტებელია.

„ამ ეტაპზე საკანონმდებლო ბაზა არ გვაქვს ენერგოეფექტიანობასთან დაკავშირებით, ტერმინიც კი დასაზუსტებელია. ვსაუბრობთ პარლამენტთან „ენერგოეფექტური“ უნდა იყოს თუ „ენერგოეფექტიანი“. პირდაპირ ვიტყვი, როგორც სემეკ-ის ერთი წევრი და ეკონომიკური განათლების მქონე ადამიანი, ვფიქრობ, რომ ენერგოეფექტიანი უფრო სწორია, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი. არის საუბარი იმაზე, რომ აქტიური კომუნიკაცია უნდა გვქონდეს მერიასთან, რადგან ახალი შენობების აშენების დროს ეს [ენერგოეფექტიანი სტანდარტების დაცვა] ბუნებრივია, თანხას გაზრდის. მაგრამ ჩვენი გათვლებით, ადამიანი ჩადებულ ინვესტიციას დაახლოებით სამ-ოთხ წელიწადში ამოიღებს და ენერგოეფექტიანობის გამძლეობა იქნება 20 წელი“, – განაცხადა მაია მელიქიძემ.

სემეკის წევრის განმარტებით, სემეკი მზად არის შენობების ენერგოეფექტიანობის შეფასება განახორციელოს.

„ჩვენი როლი დაზოგვის ნაწილში სხვადასხვა მექანიზმის ხელშეწყობა იქნება, განსაკუთრებით ტარიფებთან მიმართებით. ამ ეტაპზე ბუნებრივია, ტარიფებს სამომხმარებლო ნაწილში ვადგენთ, მაგრამ ენერგოეფექტიანობის თვალსაზრისით ჩვენ აუცილებლად უნდა ჩავერთოთ და ვთქვათ, რა სარგებელი შეიძლება, მოიტანოს ამ აშენებულმა კორპუსმა და ვიღაცამ ის უნდა შეამოწმოს. პირველ რიგში, ეს შეეხება კერძო სახლებს და მერე მრავალბინიან კორპუსებს. ამ თვალსაზრისით თანამშრომლობისთვის მზად ვართ“, – განუცხადა მაია მელიქიძემ „ბიზნესპარტნიორს“.

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …