„ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტებზე დაინტერესება მზარდია“ – რა პროექტებს სთავაზობს სასწავლო ცენტრი მოსახლეობას

2021 წლის 22 დეკემბერს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას (სემეკი)განესაზღვრა დამატებითი უფლებამოსილება საგანმანათლებლო მიმართულებით.  სწორედ აღნიშნული ცვლილებების შემდგომ 2022 წლის დასაწყისში შეიქმნა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი, რომელიც ელიზბარ ერისთავის სახელობისაა.

როგორც სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორი ნუგზრა ბერიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, თანამედროვე გარემოში მნიშვნელოვანია, როგორც სპეციალისტების, ისე მთლიანად მოსახლოების ცნობიერებს ამაღლება ენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში, რომელებიც სემეკის რეგულირების ქვეშაა. მისივე თქმით, დაინტერესება ამ კუთხით საზოგადოების მხრიდან საკმაოდ მაღალია, რაც იძლევა საფუძველს, რომ სასწავლო ცენტრის პროექტების დაფარვის არეალი კიდევ უფრო გაიზრდება.

რა მიზანს ემსახურება ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის შექმნა? რა გამოწვევებს პასუხობს?

„ზოგადად ენერგეტიკის სექტორი დინამიურად განვითარებადი დარგია და აუცილებელია ახალი ცოდნისა თუ მეთოდოლოგიის სწორად მიტანა სპეციალისტებამდე. ენერგეტიკის დარგის სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება და თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა სასწავლო ცენტრის. მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს ენერგეტიკული ბაზრების რეორგანიზაცია, თანამედროვე ვაჭრობის ინსტრუმენტების დანერგვა. აქედან გამომდინარე, ამ ცოდნის მიტანა ჩვენი სპეციალისტებისთვის სასწავლო ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა.

ამის გარდა, ქვეყანაში ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობის კუთხით არსებობს გარკვეული პრობლემები, რაც ძირითადად გამოწვეულია მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაკლებობით. მოსახლეობა უნდა გახდეს სწორედ იმ გარდაქმნების მონაწილე, რომელიც აუცილებელია ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის. უნდა ვთქვათ, რომ  ქვეყანაში იგრძნობა გენერაციის წყაროების დეფიციტი და ზამთრის სეზონზე გარკვეული პრობლემები იქმნება რესურსების ნაკლებობის გამო. ამის პარალელურად, იყო გარკვეული პროტესტები მსხვილი ენერგეტიკული პროექტების მშენებლობასთან დაკავშირებით. ამდენად, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება არის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა. გარდა ამისა, არის ბევრი სხვა საკითხი, რომელიც სასწავლო ცენტრის საქმიანობაში შედის, მათ შორის, კვლევების ჩატარება ენერგეტიკის სფეროში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობები და ასე შემდეგ“.

სასწავლო ცენტრის მიერ განხორციელებული ტრენინგებისას ძირითადად რა მიმართულებებეზე კეთდება აქცენტი?

„როგორც ვიცით, ცენტრი უკვე მეორე წელია რაც ფუნქციონირებს და უნდა ითქვას, რომ საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაოები ჩატარდა. პირველ რიგში ის სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებული იყო რეგულირების საფუძვლების განვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენ რეგულირებად კომპანიებს ჩავუტარეთ ტრენინგები ენერგეტიკის თანამედროვე განვითარების ტენდეციებზე და იმ საფუძვლებზე, რომლითაც ხდება ამ სექტორების რეგულირება. იყო როგორც ზოგადი ტრენინგები, ისე კონკრეტული სექტორების მიხედვით განხორციელებული პროექტები, მათ შორის, ენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში.

ამის გარდა, ერთ-ერთი მიმართულება იყო მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. ამის მაგალითია პროექტი, რომელიც განხორიელდა ჩვენ დონორ ორგანიზაციასთან(UNICEF) თანამშრომლობით. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლე ახალგაზრდობას ქვეყნის 8 მუნიციპალიტეტში ჩავუტარეთ ტრენინგები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ. უფრო კონკრეტულად, საუბარი იყო წყლის რესურსების რაციონალურ გამოყენებაზე. მინდა გითხრათ, რომ ეს პროექტი საკმაოდ დიდი ჩართულობით გამოირჩევოდა, იმდენად რამდენადაც 300-ზე მეტი ბენეფიციარი მონაწილეობა და მთელი ქვეყანა მოიცვა“.

იზრდება თუ არა დაინტერესება ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტებზე მოსახლეობის მხრიდან?

„უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებული დაინტერესება არის სექტორში დასაქმებული ადამიანებისგან. ჩვენთან საკმაოდ ხშირად რეკავენ და გვეკითხებიან თუ როდის იქნება სასწავლო ცენტრის მომდევნო კურსი. რაც შეეხება ზოგადად მოსახლოების დაინტერესებას, მიმდინარე წლის ზაფხულში ჩვენ ჩავერთეთ დებატების პროგრამაში, სადაც სკოლის მოსწავლეები დებატების ცენტრის საშუალებით მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა აქტუალური საკითხების განხილვაში. ჩვენ მათ შევთავაზეთ წყლის რესურსთან დაკავშირებული დებატები და მინდა გითხრათ, რომ 700-მდე ბენეფიციარი მონაწილეობდა ამ პროექტში. სწორედ ამიტომ, ჩვენ დებატების ცენტრთან ურთიერთობას აუცილებლად გავაგრძელებთ, რადგან დებატები ცნობიერების ამაღლების კუთხით საკმაოდ კარგად მუშაობს. მე ასევე მაქვს მოლოდინი, რომ სასწავლო ცენტრის პროექტებში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება“.

როგორია ცენტრის სამომავლო გეგმები? რა ტიპის პროექტებს უნდა ველოდოთ?

„მოგეხსენებათ კვლევები არის ხარისხიანი განათლების საფუძველი. ისეთ დაწესებულებაში, სადაც კვლევები არ ტარდება, ხარისხიან განათლებაზე საუბარი ნაადრევია. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავიწყეთ კვლევები როგორც სემეკის ცნობადობასთან, ისე რეგულირების საფუძვლებზე მოსახლეობის ცნობიერებასთან დაკავშირებით. კვლევებმა აჩვენა თუ რა საკითხებში სჭირდება სემეკს თავისი საქმიანობის გაძლიერება და გაფართოვება. ჩვენ ამით არ დავკმაყოფილდებით და შემდგომშიც აუცილებლად გავაგრძელებთ კვლევებს, რათა გვქონდეს ორიენტირი მარეგულრიებელი კომისიის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით.

ასევე მნიშვნელოვანია უახლესი ტექნოლოგიების პოპულარიზაცია და უახლოეს ხანში ჩვენ ვფიქრობთ, რომ განახლებადი ენერგიის წყაროების შემდგომი განვითარების ხელშეწყობის  მიზნით განვახორციელოთ ტრეინინგი ე.წ „თბური ტუმბოების“ გამოყენების ეფექტურობასთან დაკავშირებით. ამ ტრენინგს ჩვენ ჩავატარებთ როგორც დეველოპერებისთვის, ისე მთლიანად მოსახლეობისთვის. გარდა ამისა, გვექნება ტრენინგები მიკროქსელებისა და თვითმოხმარების მიმართულებით. მოკლედ რომ ვთქვათ, არის ძალიან ბევრი თემა, რომელსაც სჭირდება საგანმანათლებლო და თეორიული მხარდაჭერა, რათა ფართოდ დაინერგოს საზოგადოებაში. ამ ყველაფერს კი ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აუცილებლად უზრუნველყოფს” – აღნიშნავს ნუგზარ ბერიძე.

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …