ელმავალმშენებელში პრობლემებია, მენეჯმენტი მათ მოგვარებას დაკვეთების შესრულებით გეგმავს

თბილისი (BPI) – სს „ელმავალმშენებელი“ კომპანიაში რთული სიტუაციის არსებობას აღიარებს. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თანამშრომლების მიმართ 5 თვის სახელფასო დავალიანება გააჩნია, მაგრამ სხვადასხვა მხარესთან გაფორმებული კონტრაქტების შესრულების საფუძველზე მდგომარეობის გამოსწორებას გეგმავს.

“დავალიანების წარმოშობა გამოწვეულია მცირე მოცულობის შეკვეთებით, რომლებიც ხარჯებს ვერ ფარავდა და კიდევ იმ გარემოებით, რომ არსებობს უცხოური კონტრაქტორი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს `ელმავალმშენებლის~ მიმართ დებიტორული დავალიანება და სწორედ მისგან ველით დღესდღეობით საჭირო თანხის გადმორიცხვას. მარტის თვის განმავლობაში აღნიშნული პრობლემა გადაწყდება.

სახელფასო დავალიანებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია ასევე ელმავალმშენებელი ქარხნის შემდგომი სამუშაო გეგმები, თუ რა დატვირთვით ვიმუშავებთ. სამუშაო გეგმები კი ასეთია:

  1. უკვე ხელმოწერილია ხელშეკრულება 8 ერთეული ახალი წევის ძრავის მშენებლობის შესახებ უზბეკეთისთვის. ამ შეკვეთის საერთო ღირებულება 23 200 000 აშშ დოლარია, ხოლო შესრულების ვადაა 2 წელი;
  2. ხელმოწერილია შემკვეთის მხრიდან ასევე ხელშეკრულება ახალი წევის ძრავებისა და დამხმარე მანქანების მომზადების შესახებ რუსეთის რკინიგზისთვის. ეს შეკვეთა ორ ეტაპიანია და ორ კონტრაქტად ფორმდება. მათგან ერთი – 6 მლნ. აშშ დოლარზე უკვე ხელმოწერილია, ხოლო მეორე – 8 მლნ. აშშ დოლარზე – გაფორმების სტადიაშია;
  3. გვყავს ასევე ჩვენი უკვე ტრადიციული კონტრაქტორი, უკრაინული კომპანია `მეტინვესტი~. მათ 2019 წლის განმავლობაში სარემონტოდ უნდა გადმოგვცენ 2 წევის აგრეგატი და 1 ახალი კოქსმქრობი ელმავალი. ამ შეკვეთების საერთო ღირებულება 2,5 მლნ. აშშ დოლარს აღემატება;
  4. ასევე სამხრეთ კავკასიის რკინიგზამ მოგვმართა თხოვნით გავარემონტოთ მათი ელმავლები. ეს დამატებითი შეკვეთაც დაახლოებით 1,6 მლნ. აშშ დოლარის ღირებულებისაა;
  5. გარდა ზემოაღნიშნულისა, სხვადასხვა უცხოური კომპანიებისგან გვაქვს შეკვეთები მარაგნაწილებზე, შეკვეთების საერთო წლიური ღირებულება დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარია;

ასე რომ ქარხანას დიდი გეგმები აქვს, მზადაა შეუდგეს შეკვეთების შესრულებას და იმუშაოს სრული დატვირთვით, როგორც კი სიტუაცია დარეგულირდება, ხელფასები გაიცემა და თავს დავაღწევთ ფინანსურ კრიზისს”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …