ელექტრონული კომერციის რეფორმის ფარგლებში “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებები იგეგმება

,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს პროექტის – „რეფორმეტრი“ ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრაზე. „რეფორმეტრი“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პროექტია, რომელიც ხორციელდება USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით და ემსახურება საქართველოში ელექტრონული კომერციის რეფორმის წარმატებით გატარებას.

17 თებერვალს გამართული ღონისძიება საჯარო სამსახურსა და კერძო სექტორს შორის გამართული დიალოგის პრეცედენტია, რომელიც ხელს შეუწყობს შერჩეული ეკონომიკური რეფორმების პროგრესს, ხარისხის ანალიზს და რეფორმით დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის შედეგიანად წარმართვას. შეხვედრაში მონაწილეობდნენ USAID-ის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის, საქპატენტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის წევრები. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ხედვა ელექტრონული კომერციის რეფორმასა და მისი შემადგენელი სხვადასხვა კომპონენტების მიმართულებით, განიხილეს ელექტრონული კომერციის სფეროში არსებული გამოწვევები, ელექტრონული კომერციის კანონპროექტი, და ასევე, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, როგორც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული რეგულაციები.

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც შემუშავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – EUGIPP ფარგლებში, უკავშირდება ინტერნეტ სერვის პროვაიდერთა პასუხისმგებლობის სისტემის შემუშავებას, რაც უზრუნველყოფს ინტერნეტ სივრცეში საავტორო უფლებების მფლობელებისათვის კერძო სამართლებრივი გზით უფლებების აღსრულების ეფექტიანი მექანიზმის შემოღებას. აღნიშნული კანონპროექტის განხილვა კერძო სექტორთან უახლოეს მომავალში იგეგმება.

შემთხვევითი სიახლე

სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო სექტორთან ერთად განვაგრძოთ მსჯელობა საწვავზე ფასების შემცირების  შესაძლებლობისთვის – მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სამთავრობო კომისიის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა შედგა საწვავის …