ელექტრომობილის ნიმუში, რომლის წარმოება ქუთაისშია დაგეგმილი

თბილისი (BPI) – დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვიდეო ჩართვის მეშვეობით, იმ ელექტრომობილის ნიმუში წარადგინა, რომლის წარმოება ქუთაისშია დაგეგმილი.

ქუთაისში წარმოებული ელექტრომობილები ე.წ. „ქარშეარინგის“ ფარგლებში იმოძრავებენ და მისი ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, სმარტფონებზე „ქარშეარინგის“ აპლიკაცია გადმოწეროს, ქალაქის სხვადასხვა რაიონში, სხვადასხვა ქუჩაზე განთავსებული ელექტრომობილი აიყვანოს და ნებისმიერ ადგილზე გადაადგილდეს. ქალაქში ბევრი ელექტრომობილი გვჭირდება გამონაბოლქვის შესამცირებლად და ეს ყველაფერი, სხვა ეკოლოგიური ღონისძიებების, მაგალითად, მშენებლობის რეგულაციებისა და გამწვანების სამუშაოების პარალელურად უნდა მოხდეს. საბოლოოდ, ამ ღონისძიებების შედეგად, ქალაქი უნდა გახდეს ეკოლოგიურად მოწესრიგებული.  ტექნიკური მონაცემებით, სრულად დატვირთული აკუმულატორი, დაახლოებით, 400 კილომეტრს გაგატარებთ. ვფიქრობ, სახელწიფო დაწესებულებები ნელ-ნელა უნდა გადავიდეთ ელექტრომობილებზე, რომ საზოგადოებას მივცეთ სტიმული,  ელექტრომობილები შეიძინონ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მერმა აღნიშნა, რომ ელექტრომობილების მწარმოებელი ქართული კომპანიის განცხადებით ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

“მთავარი პრინციპი სწორედ ისაა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს, შეიძინოს ეს ავტომობილი და თანხები არ გავიდეს ექსპორტზე, რადგან ეს ავტომობილები დღეს, ძირითადად, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდის. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ელექტრომობილების შემოყვანის მაჩვენებელი ძალიან არის გაზრდილი. როგორც იცით, მათი განბაჟება სრულიად უფასოა. ასევე, ელექტრომობილებისთვის ქალაქში გამოყოფილია უფასო საპარკინგე ადგილები. ახლა ჩვენ ინფრასტრუქტურა უნდა მოვაწესრიგოთ, რათა ქალაქში მაქსიმალურად მეტი ელექტროდამტენი დავამონტაჟოთ. ვესაუბრებით ბენზინგასამართ სადგურებს, შესაბამის კომპანიებს, რათა მათი ჩართულობითა და დახმარებით, ეს პროექტი არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ მთელ საქართველოში განვახორციელოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …