ელექტროენერგიის წარმოება 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, 5.9%-ით შემცირდა

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, 5.9 პროცენტით შემცირდა და 11 159.8 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, ელექტროენერგიის წარმოების შემცირება ძირითადად განპირობებული იყო (მშრალი) კლიმატური პირობებით და შემცირებული წყალმოდინებით. 2020 წლის განმავლობაში მოპოვებულია 31.3 ათასი ტონა ნედლი ნავთობი (2019 წელთან შედარებით 10.8 პროცენტით ნაკლები), 99.3 ათასი ტონა ქვანახშირი (წინა წელთან შედარებით 6.5- ჯერ მეტი) და 8.9 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი (წინა წელთან შედარებით 7.3 პროცენტით ნაკლები).

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, შეშის წარმოება 6.4 პროცენტით შემცირდა და 1 212.0 ათასი მ3 შეადგინა. ამავე პერიოდში შემცირებულია ასევე სხვა ბიოსაწვავისა და ნარჩენების წარმოება. 2020 წელს ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარებამ 11 479.3 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა, რაც 4.8 პროცენტით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. 2020 წლის მონაცემებით, ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის მოცულობამ შეადგინა 2 699.7 მილიონი მ3 (წინა წელთან შედარებით 0.2 პროცენტით მეტი). წლის განმავლობაში ბუნებრივი გაზის საბოლოო მოხმარებამ 2 006.5 მილიონი მ3 შეადგინა, რაც 3.3 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. 2019 წელთან შედარებით, ბუნებრივი გაზის მოხმარება გაიზარდა შინამეურნეობების სექტორში (13.5 პროცენტით მეტი).

მოთხოვნის შესაბამისად, ბუნებრივი გაზის მოხმარება გაიზარდა აგრეთვე შემდეგ დარგებში: კვების მრეწველობა, მშენებლობა და სოფლის მეურნეობა. უნდა აღინიშნოს, რომ საგზაო ტრანსპორტში ბუნებრივი გაზის მოხმარება შემცირებულია, რაც განპირობებულია გარკვეულწილად ფასის ზრდით და ბოლო პერიოდში თხევადი გაზის (LPG) მხრიდან გაზრდილი კონკურენციით. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ ქვეყანაში ჰიბრიდული და ელექტროავტომობილების რაოდენობის ზრდა განაპირობებს ავტოტრანსპორტის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების შემცირებას. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2020 წელს ქვეყანაში მოხმარებულია 1 287.9 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი, რაც წინა წელთან შედარებით 5.0 პროცენტით ნაკლებია. ზოგადად, 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, ენერგორესურსების მოხმარების მაჩვენებელთა კლება განპირობებულია ქვეყანაში კოვიდ-19 -ის გავრცელებასთან დაკავშირებული შეზღუდვებით.

ენერგორესურსების მოხმარების სტრუქტურაში 38.5 პროცენტი მოდის ბუნებრივ გაზზე. შედარებით მაღალი წილით ხასიათდება აგრეთვე ნავთობპროდუქტები (29.3 პროცენტი) და ელექტროენერგია (22.0 პროცენტი). წლის განმავლობაში მოხმარებული ენერგიის 5.1 პროცენტს შეადგენს ბიოსაწვავი და ნარჩენები, ხოლო დარჩენილი 5.1 პროცენტი მოდის ქვანახშირზე და გეოთერმულ ენერგიაზე.

2020 წლის ენერგორესურსების მოხმარების სექტორული ანალიზი გვიჩვენებს, რომ 529382251G ენერგორესურსების ყველაზე დიდი მომხმარებელია შინამეურნეობების სექტორი, რომელზეც მოდის მთლიანი მოხმარების 31.4 პროცენტი. რაც შეეხება სხვა დარგებს, 30.3 პროცენტი მოდის ტრანსპორტის, 19.2 პროცენტი – მრეწველობის, 4.5 პროცენტი – მშენებლობის, 0.6 პროცენტი – სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის დარგებზე, ხოლო დარჩენილი 14.0 პროცენტი – კერძო და სახელმწიფო მომსახურებაზე და სხვა მომხმარებლებზე ნაწილდება.

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …