ეკონომიკის სამინისტრო VS ლევან კობერიძე

თბილისი (BPI) – ეკონომიკის სამინისტრო დეპუტატ ლევან კობერიძეს პასუხობს.

განცხადებაში ნათქვამია:

საკრედიტო-საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამა კიდევ ერთხელ იქცა დეპუტატ ლევან კობერიძის მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მისი ხელმძღვანელობის კრიტიკის საფუძველი.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ რამდენჯერმე მოვისმინეთ არათანამიმდევრული და სიმართლეს მოკლებული დეზინფორმაცია – ბატონმა დეპუტატმა ჯერ აღნიშნული სქემის ამოქმედებისთვის განსაზღვრული საბიუჯეტო თანხის გაფლანგვაში დაგვადანაშაულა, შემდეგ პოზიცია 180 გრადუსით შეცვალა და პირიქით, უმოქმედობაში დაგვდო ბრალი. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში ადგილი აქვს დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობას.

დარწმუნებულები ვართ, მოსახლეობისთვის ნათელია, რომ დეპუტატს მხოლოდ  პოლიტიკური მოტივები ამოძრავებს და არა ბიზნესის მხარდაჭერის სურვილი. თუმცა, ამის მიუხედავად, საჭიროდ მივიჩნიეთ აღნიშნული საკითხი უკეთ განვმარტოთ:

საკრედიტო-საგარანტიო სქემა წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომელიც კომპლექსური პროექტია და ფინანსებზე წვდომას  გაუმარტივებს იმ მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელთაც არ აქვთ საკმარისი უზრუნველყოფა სესხის ასაღებად.

აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს სსიპ „აწარმოე საქართველოში.“  სწორედ ნათია თურნავას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად მოსვლის შემდეგ დაჩქარდა მოლაპარაკება კომერციულ ბანკებთან, რომელიც 2019 წლის 25 ივლისს სააგენტოსა და 12 წამყვან ბანკს შორის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დასრულდა. ამჟამად დასკვნით ეტაპზეა ინფორმაციის გაცვლის ელექტრონულ პროგრამაზე მუშაობა, რომელიც  სატესტო რეჟიმში გაეშვება.

პარალელურად, როგორც მინისტრმა, ასევე სამინისტროს სხვა პასუხისმგებელმა პირებმა გამართეს არაერთი საინფორმაციო შეხვედრა თბილისსა და რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან და საკრედიტო-საგარანტიო სქემის მთავარი უპირატესობები გააცნეს.

ამდენად, პირიქით, მივმართავთ ბატონ დეპუტატს, თუკი მას აქვს ინფორმაცია ისეთ პროექტებზე, რომლებმაც შეიძლება საკრედიტო-საგარანტიო სქემით ისარგებლონ, მოგვწეროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვუწოდებთ მას, სანამ საჯარო განცხადებებს გააკეთებს და ჩვენი საქმიანობის შესახებ დეზინფორმაციას გაავრცელებს,  მოგვმართოს თუნდაც სადეპუტატო შეკითხვით, როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებია და ჩვენ მას მივაწვდით სრულ ინფორმაციას ჩვენს კომპეტენციას მიკუთვნებულ  ნებისმიერ საკითხზე.

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …