ევროპის ცენტრალური ბანკი რეკორდული ინფლაციის საპასუხოდ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას აგრძელებს

ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) რეკორდული ინფლაციის საპასუხოდ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას აგრძელებს.

დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი გაორმაგდა და 1.5%-მდე გაიზარდა, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, მარეგულირებელმა მიანიშნა განზრახვაზე, ამოიღოს ლიკვიდობა საბანკო სისტემიდან, რაც ასევე ინფლაციის მოთოკვას ემსახურება.

ზედიზედ მესამე შეხვედრაზე განაკვეთის ზრდა ეკონომისტების მოლოდინებს ემთხვევა. 19 ქვეყნის ცენტრალურ ბანკს მკაცრი პოლიტიკის გატარებისკენ ერთი მხრივ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო გაძვირებული ენერგიისა და მეორე მხრივ, COVID-19 პანდემიის შემდეგ ეკონომიკების არათანაბარი გახსნის ფონზე დაჩქარებულმა ინფლაციამ უბიძგა.

ევროზონის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 2022 წლის სექტემბერში 9.9% იყო მაშინ, როდესაც ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2%-ია.

 

წყარო: https://businessformula.ge/News/11154

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …