ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიმდინარე წლის სექტემბრის დებატებზე განიხილა – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (I)” (ე.წ. „დეპორტირებულების საქმე”). სხდომაზე საქართველოს წარმომადგენლობამ ხაზი გაუსვა განსახილველ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და გააჟღერა მკაფიო პოზიცია, რომ მიუხედავად რუსეთის ფედერაციისათვის ევროპის საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტისა, მოპასუხე სახელმწიფოს კვლავ რჩება გადაწყვეტილების აღსრულების უპირობო ვალდებულება.
მინისტრთა კომიტეტის დებატების ფარგლებში დელეგაციების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მკაცრად დაგმო რუსეთის მიერ ზემოხსენებული ვალდებულების აღუსრულებლობა და სრულად გაიზიარა საქართველოს წარმომადგენლების პოზიცია.
რეზოლუციის ფარგლებში კომიტეტმა გამოთქვა ღრმა მწუხარება რომ, ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერის მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლებამ არ გადაიხადა ევროპული სასამართლოს მიერ დაზარალებულებისთვის მიკუთვნებული თანხა. მინისტრთა კომიტეტის თანახმად, გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნება განსაკუთრებით აზიანებს დაზარალებულთა ინტერესებს.
ქართული მხარის ინიციატივით, მინისტრთა კომიტეტმა მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს, გამოიყენონ ყველა საშუალება საქმის აღსრულების უზრუნველსაყოფად. ამასთან კომიტეტმა გაიზიარა ქართული მხარის პოზიცია, რომ რუსეთისათვის ევროპის საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის პირობებში, აუცილებელია რუსეთის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობის სტრატეგიის შემუშავება, ყველა წევრი სახელმწიფოს ჩართულობით და დაავალა კომიტეტის სამდივნოს, წარადგინოს შესაბამისი შეთავაზებები და ხედვა განსახილველი საქმის აღსრულების თაობაზე შემდეგ სხდომამდე, რომელიც 2022 წლის დეკემბერში გაიმართება.
როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, სტრასბურგის სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით რუსეთის მთავრობას დაეკისრა ქართული მხარისათვის 10,000,000 ევროს გადახდის ვალდებულება იმ დაზარალებულთათვის გადასაცემად, რომლებიც 2006 წელს რუსეთიდან მასობრივი დეპორტაციის მსხვერპლი გახდნენ. თუმცა, მიუხედავად ქართული მხარისა და მინისტრთა კომიტეტის ძალისხმევისა, რომელიც 2021 წლის ბოლოს ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერით დასრულდა, რუსეთს თანხა ამ დრომდე არ გადაუხდია.
ქართული მხარის ინიციატივით, კომიტეტი დეპორტირებულების საქმის განხილვას მომდევნო სხდომაზე, 2022 წლის დეკემბერში დაუბრუნდება.