ევროპის გაზსაცავები 94%-ით სავსეა

ევროპას იმაზე მეტი გაზი აქვს, ვიდრე მას სჭირდება. Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროპული გაზსაცავები 93.6%-ით სავსეა, რაც ზამთრის ორი თვისთვის საკმარისია.

ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია გერმანიაში, სადაც გაზსაცავები 97.5%-ით არის შევსებული.

მარაგების შევსების მიზეზი უჩვეულოდ თბილი ამინდი და სხვადასხვა ქვეყნიდან მიღებული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტია. ამ ფონზე, გაზის ფასი მკვეთრად დაეცა და ზაფხულის პიკური ფასის მესამედზე ნაკლები შეადგინა.

ოქტომბრის ბოლოს, კონტინენტი იმაზე უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე პოლიტიკოსები იმედოვნებდნენ.

არსებული მარაგის მიუხედავად, რისკი ჯერ კიდევ არსებობს. ბევრი რამაა დამოკიდებული ამინდზე. ძლიერმა სიცივემ, შესაძლოა, რეზერვების დაცლა გამოიწვიოს.

ევროპელ ლიდერებს ასევე აღელვებთ ენერგეტიკულ აქტივებზე დივერსიის საფრთხე, რამაც შესაძლოა, ბაზარი თავდაყირა დააყენოს. გარდა ამისა, ისინი ვარაუდობენ, რომ დაბალმა ფასმა შესაძლოა, ტემპერატურის ვარდნასთან ერთად, გაზის მოხმარება წაახალისოს.

ანალიტიკოსების პროგნოზით, ევროპაში გაზის ჭარბი რაოდენობა მინიმუმ დეკემბრამდე იქნება.

ამ დროისთვის მარაგების შევსება კვლავ გრძელდება. ჩრდილო-დასავლეთ ევროპა ამ თვეში 82 LNG გადამზიდავს ელის, რაც 19%-ით მეტია სექტემბერთან შედარებით.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა გაზის ფასი ეცემა, აზიაში მოთხოვნა შეიძლება გაიზარდოს. ამასთან, რუსეთმა, შესაძლოა, უკრაინის გავლით, გაზის მიწოდება შეწყვიტოს განგებ ან ბრძოლებმა დააზიანოს ინფრასტრუქტურა, რაც ფასებზე ზეწოლას კიდევ უფრო გაზრდის და მომავალი წლის მარაგების შევსებას გაართულებს.

ევროპაში რუსული გაზის იმპორტი გასული წლიდან იკლებს, სექტემბრიდან ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვიტა Nord Stream-ის მილსადენმა.

 

წყარო: https://businessformula.ge

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …