ევროკავშირი და FAO საქართველოს სასოფლო სამეურნეო პროდუქტის უვნებლობისა და ექსპორტის გაუმჯობესებას უწყობენ ხელს

ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს მარტში ეწვია FAO-ს საერთაშორისო სანიტარული, ფიტოსანიტარული და აგროვაჭრობის ექსპერტი. მან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარა TRACES NT სისტემაზე.
TRACES NT ევროკავშირის ციფრული სერტიფიცირებისა და მართვის პლატფორმაა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში ცხოველური წარმოშობის პროდუქტის, არაცხოველური წარმოშობის საკვებისა და მცენარეების ექსპორტისთვის გამოიყენება. აღნიშნული სისტემის დახმარებით გაუმჯობესდება სურსათის უვნებლობის კონტროლი და გაიზრდება ქართული სასოფლო სამეურნეო პროდუქტის ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში ექსპორტი.
ვიზიტის ფარგლებში FAO-ს ექსპერტებმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტით დაინტერესებული სურსათის ბიზნეს ოპერატორები და ასევე, ქვეყნის სასაზღვრო გამშვები პუნქტი მოინახულეს. მათი მიზანი DCFTA-სა და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებული სანიტარული და ფიტოსანიტარული სისტემებით საქართველოში სურსათის უვნებლობისა და ექსპორტის შესაძლებლობების შეფასება და განვითარებაა.
მოწვეულ საერთაშორისო ექსპერტთან ერთად, FAO და ევროკავშირი საქართველოში DCFTA-ის მოთხოვნების შესრულებისა და ევროკავშირისა და სხვა ქვეყნებთან სავაჭრო შესაძლებლობებზე რეაგირებისას არსებულ სირთულეებსა და შემაფერხებელ ფაქტორებს შეისწავლიან. TRACES NT სისტემის დანერგვა ექსპორტ-იმპორტის პროცედურის გაციფრულებას შეუწყობს ხელს, რაც საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
კომერციული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობების შექმნის მიღმა, ექსპორტ-იმპორტის სისტემის გამართვა ქვეყანაში სურსათის უვნებლობასაც გააუმჯობესებს და ქართველი მომხმარებლისთვის ჯანსაღ პროდუქტზე წვდომას უზრუნველყოფს. სისტემა ასევე, შეამცირებს ცხოველებისა და მცენარეების დაავადებების გავრცელებასაც, რაც მეწარმეებისა და ფერმერებისთვის ამჟამად მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.
„იმპორტისა და ექსპორტის გაციფრულება აუცილებელია ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებთან კომერციული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამასთანავე, გარემოზე ზრუნვასთან ერთად, TRACES სისტემის გამოყენება ქართველი მომხმარებლისა და ცხოველების ჯანმრთელობას დაიცავს. ადამიანები, ცხოველები და გარემო „ერთი ჯანმრთელობის“ მიდგომის სამი მთავარი ელემენტია, FAO და ევროკავშირი მოხარულია ამ მიდგომას დაუჭიროს მხარი“ – განაცხადა FAO-ს პროგრამის კოორდინატორმა ხავიერ სანს ალვარესმა.
“ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის გაზრდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მნიშვნელოვანი მიზანია. აგროსასურსათო ნაწარმის შემთხვევაში, ექსპორტისა და იმპორტის პროცედურები უნდა გამარტივდეს, გაციფრულდეს და სტანდარტიზირდეს. TRACES მნიშვნელოვანი ხელსაწყოა ამ კუთხით და ამიტომ ENPARD პროგრამის ფარგლებში ვკონცენტრირდებით მის პოპულარიზაციაზე საქართველოში. თუმცა, TRACES მხოლოდ ექსპორტის განვითარებას არ ემსახურება. ის ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებასა და ქართველი მომხმარებლისთვის მეტ ხარისხიან სურსათზე წვდომას ეხმარება” – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერმა ჟორჟ დეუმ.

2013 წლიდან, ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD პროგრამის ფარგლებში. პროგრამის მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება და საქართველოში სიღარიბის შემცირება. ENPARD პროგრამის პირველი ფაზა ფოკუსირებული იყო ქვეყნის სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებაზე, ხოლო მეორე და მესამე ფაზები სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენაზე სოფლის მეურნეობაში და მის მიღმა. 2023 წლიდან, პროგრამა უფრო მეტ აქცენტს აკეთებს ქვეყანაში სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებაზე.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …