ევროკავშირის მხარდაჭერით, კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლებისათვის ტრენინგები მიმდინარეობს

თბილისი (BPI) – ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისათვის ონლაინ ტრენინგები მიმდინარეობს. სამუშაო შეხვედრები დაგეგმილია სამ ეტაპად.

პირველი შეხვედრა 22, 24 და 26 თებერვალს – დისკუსიის, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მონაწილეებმა, პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით, ევროპელ ექსპერტთან – ანდრეა გაგლიარდთან ერთად შემდეგი ძირითადი საკითხები მიმოიხილეს: კონკურენციის კანონის აღსრულება ფინანსურ სექტორში, სააგენტოსა და მარეგულირებელ ორგანოს შორის თანამშრომლობის ფორმები, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების რისკები, კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებები, კონცენტრაციები, ე.წ. “გადამკვეთი ოპერაციები” – რეგულირებად და არარეგულირებად სუბიექტებს შორის და ა.შ.

AA Facility-ის მხარდაჭერით, მეორე შეხვედრა – 2 და 5 მარტს, ხოლო მესამე 10 და 11 მარტს არის ჩანიშნული, რომელსაც ექსპერტი კონკურენციის საკითხებში – დინა ლურიე უხელმძღვანელებს. უცხოელი და ქართველი კოლეგები ერთობლივად იმსჯელებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა: ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმება, სტრუქტურული და ქცევითი ზომები, პირობითი გადაწყვეტილებები.

კონკურენციის კანონში მიღებული ცვლილებებიდან გამომდინარე, სააგენტო 2020 წლის 4 ნოემბრიდან საქმიანობას ახალი უფლებამოსილებების ფარგლებში აწარმოებს. შესაბამისად, ტრენინგის ფარგლებში დაგეგმილი საკითხების განხილვა, საერთაშორისო მიდგომების, პრაქტიკის შესწავლა-გაანალიზება დღეს სააგენტოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …