ევროკავშირი გარემოს დაცვის მიზნით პლასტმასის მოხმარების შეზღუდვის ახალ, უფრო მკაცრ ეტაპზე გადადის, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სტუმარმასპინძლობის სექტორზე. 2026 წლიდან ძალაში შესული რეგულაციების თანახმად, რესტორნებს, კაფეებსა და სასტუმროებს ეკრძალებათ ერთჯერადი პლასტმასის შეფუთვების გამოყენება იმ პროდუქტებისთვის, რომლებიც ადგილზე მოიხმარება. ეს ნიშნავს, რომ კვების ობიექტები ვალდებულნი არიან გადავიდნენ მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭელზე ან ბიოდეგრადირებად ალტერნატივებზე. ცვლილებები განსაკუთრებით შეეხება სოუსების, შაქრისა და კრემების მცირე ზომის პლასტმასის პაკეტებს, რომლებიც აქამდე ფართოდ გამოიყენებოდა კვების ინდუსტრიაში.
სასტუმროების სექტორში სიახლეები ეხება ჰიგიენურ საშუალებებს — შამპუნების, გელებისა და ლოსიონების მცირე ზომის ერთჯერადი ფლაკონები სრულად ჩანაცვლდება მრავალჯერადი დისპენსერებით. ევროკომისიის განცხადებით, ეს ზომები მიზნად ისახავს ნარჩენების რაოდენობის მკვეთრ შემცირებას, რადგან ტურიზმისა და კვების სექტორი პლასტმასის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ბიზნესსექტორს მიეცა გარკვეული გარდამავალი პერიოდი ახალ სტანდარტებთან ადაპტაციისთვის, თუმცა რეგულაციების დარღვევა სოლიდურ ჯარიმებს ითვალისწინებს.
ახალი წესები ასევე ავალდებულებს დაწესებულებებს, ხელი შეუწყონ მრავალჯერადი ჭურჭლის გამოყენებას „takeaway“ (გატანის) სერვისის დროსაც. მგზავრებსა და მომხმარებლებს ექნებათ უფლება, მოითხოვონ საკვებისა თუ სასმლის მოთავსება საკუთარ კონტეინერებში, ხოლო ობიექტები ვალდებულნი იქნებიან შესთავაზონ მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭელი გარკვეული დეპოზიტის სანაცვლოდ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილებები ბიზნესისთვის დამატებით ხარჯებთან და ლოგისტიკურ სირთულეებთან არის დაკავშირებული, ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ ეს არის აუცილებელი ნაბიჯი „მწვანე შეთანხმების“ ფარგლებში დასახული მიზნების მისაღწევად.
Business Political Insights BPI.GE