ევროკავშირისა და FAO-ს პროექტის ბენეფიციარები თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენებას სწავლობენ

ევროკავშირისა და FAO-ს მიერ ორგანიზებული ტრენინგის ფარგლებში, რომელიც კომპანია „აგრომოტორსთან“ თანამშრომლობით ჩატარდა, 20 ფერმერი გადამზადდა იმ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენებაში, რომელთა შეძენაც მათ ევროკავშირისა და FAO-ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდათ.

ტრენინგი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანში ჩატარდა. ფერმერებმა თანამედროვე ტრაქტორისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ექსპლუატაცია და მოვლა-შენახვა შეისწავლეს. თეორიულ სესიას თან ერთვოდა საველე პრაქტიკა, სადაც ფერმერებმა თავად მართეს ტექნიკა.

„FAO-ს და ევროკავშირის მხარდაჭერით, ნოემბერში ახალი ტრაქტორი ვიყიდე“ – ამბობს ტრენინგის მონაწილე, ფერმერი ვალერი მარაქველიძე. „დღეს კი მისი გამოყენების შესახებ ბევრი რამ ვისწავლე – მანქანაში ზეთის შეცვლის ზუსტი გრაფიკით დაწყებული, ველზე მანქანის გონივრული მართვით დამთავრებული. ამ ახალი ტექნიკით და ცოდნით, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ბევრად უკეთესი მოსავალი და დრო არ დავკარგოთ აღჭურვილობის შეკეთებაზე“.

„საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ტექნიკის შემოტანა და საბჭოთა პერიოდში წარმოებული მოძველებული ტრაქტორების ჩანაცვლება, რომელიც ჯერ კიდევ ფართოდ გამოიყენება ფერმერების მიერ. ახალ ტექნიკაში ინვესტიცია ფერმერებს ეხმარება არა მხოლოდ დაზოგონ ხარჯები საწვავის მოხმარებაზე, არამედ უფრო მეტი სამუშაო შეასრულონ ნაკლებ დროში“, – განაცხადა აგრომოტორსის დირექტორმა აკაკი გოგსაძემ.

ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კაპიტალური ინვესტიციაა, რომელიც ევროკავშირი-FAO-ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. საგრანტო მხარდაჭერის მიმღები ბენეფიციარების რიცხვმა 200-ს გადააჭარბა, პარალელურად ხორციელდება მათი მხარდაჭერა ცოდნის გაზიარების მხრივაც.

„ზოგჯერ ფერმერებმა არ იციან ახალი ტექნიკის სწორად გამოყენება. ხშირად, მანქანების არასწორი ექსპლუატაციის გამო პრობლემები იქმნება, ეს კი საკმაოდ ზრდის საოპერაციო და მოვლა-შენახვის ხარჯებს. სწორი მოვლისა და გამოყენების პირობებში, ახალ მანქანებს მნიშვნელოვნად შეუძლიათ შეამცირონ სასოფლო-სამეურნეო წარმოების ხარჯები, გაზარდონ მოსავლის ხარისხი და სოფლის მეურნეობა უფრო პროდუქტიული და ხირისხიანი გახადონ“, – აღნიშნა ხავიერ სანს ალვარესმა, FAO-EU პროექტის კოორდინატორმა.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში.  პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი საერთო ბიუჯეტი 234.5 მილიონი ევროა. მისი მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება და საქართველოში სიღარიბის შემცირება.  მეტი ინფორმაცია ENPARD-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://eu4georgia.eu/enpard/.

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …