დისტანციურ სამუშაო რეჟიმში მყოფი თანამშრომლების თითქმის 80% დარწმუნებულია, რომ თუ სამსახურში დაბრუნებაზე უარს იტყოდა, გაათავისუფლებდნენ

დისტანციურ სამუშაო რეჟიმში მყოფი თანამშრომლების თითქმის 80% დარწმუნებულია, რომ თუ სამსახურში დაბრუნებაზე უარს იტყოდა, გაათავისუფლებდნენ. ამავე დროს, დამსაქმებლების თითქმის 60% ამბობს, რომ ისინი თანამშრომლების სამსახურიდან წასვლით უფრო კმაყოფილები იქნებოდნენ, ვიდრე ოფისში დაბრუნებით.

ასეთია ძირითადი მიგნებები კვლევისა, რომელიც პროდუქტიულობის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია OSlash-მა ჩაატარა. მათ 800 დასაქმებული და 200 ბიზნეს ლიდერი გამოჰკითხეს.

ცნობილი კომპანიები, როგორიცაა Apple და Peloton Interactive თანამშრომლების კვირაში მინიმუმ 3 დღე ოფისში ყოფნას მოითხოვენ და ამ რეჟიმზე გადასასვლელად ბოლო ვადა დააწესეს.

ოფისში დაბრუნების მოთხოვნა იწვევს დაპირისპირებას თანამშრომლებსა და ხელმძღვანელებს შორის, რადგან არამენეჯერულ პოზიციაზე მყოფ ბევრ თანამშრომელს არ უნდა უარი თქვას იმ მოქნილობასა და ავტონომიაზე, რაც პანდემიის დროს ჰქონდა.

სოციალურ მედიაში ვრცელდება თანამშრომლების წინააღმდეგობის ისტორიები: ამ თვეში Reddit-ზე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პოსტში თანამშრომელი კომპანიის ვრცელ შეტყობინებას უპასუხებს ერთი სიტყვით: “არა”.

OSlash-ის თანახმად, თანამშრომლების უკან დასაბრუნებლად, დამსაქმებლების მიერ შეთავაზებულ პირობებში ყველაზე პოპულარული იყო უკეთესი ანაზღაურება, მოქნილი გრაფიკი და უფასო კვება.

ამის საპირისპიროდ, ხუთიდან ოთხი თანამშრომელი თანახმაა სახლიდან მუშაობის გასაგრძელებლად ხელფასი შეუმცირონ. აღმოჩნდა, რომ ამ კატეგორიაში ჭარბობენ Gen Z-ის თაობის თანამშრომლები.

გამოკითხული დამსაქმებლები ამბობენ, რომ მზად არიან თანამშრომლებს მოქნილი გრაფიკი შესთავაზონ, 60%-მა კი განაცხადა, რომ იმ ადამიანებს, ვისაც სამსახურში დაბრუნება არ სურთ, ჰიბრიდულ ვარიანტებს შესთავაზებენ.

დამსაქმებლების 20%-მა თქვა, რომ თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის უფლებას მისცემს, თუ წინააღმდეგობა შეხვდება. ამდენივემ განაცხადა, რომ გაათავისუფლებს დასაქმებულებს, რომლებიც უარს იტყვიან სამსახურში დაბრუნებაზე.

 

წყარო: https://businessformula.ge/

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …