დედაქალაქის საკრებულოს თბილისის 2022 წლის ბიუჯეტის შუალედური პროექტი უკვე წარედგინა

დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის შუალედური პროექტი თბილისის საკრებულოს უკვე წარედგინა, რომლის მიხედვითაც, საბიუჯეტო ნაწილი მილიარდ 200 მილიონისგან შედგება, ხოლო დონორი ორგანიზაციებისგან მოზიდული გრანტების ფარგლებში, დაახლოებით, 230 მლნ ლარია განსაზღვრული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჯამურად, ამ ეტაპზე, შუალედური ბიუჯეტი მილიარდ 430 მლნ-ზეა წარდგენილი.

„ჩვენი საარჩევნო პროგრამის შესრულების ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, ყველამ კარგად იცის, რომ მუნიციპალური ბიუჯეტია, რაზეც საარჩევნო პროგრამის ფარგლებშიც მისაუბრია. ჩვენი მიზანია, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა მომდევნო წლების განმავლობაში, მილიარდ 700 მილიონ ლარს მიაღწიოს. როდესაც 2017 წელს ქალაქის მთავრობაში მოვედით, 820 მლნ-დან ავედით მილიარდ 200 მლნ-ზე, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, იმიტომ, რომ გაზრდილი ბიუჯეტი გვაძლევს შესაძლებლობას, დედაქალაქში ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებებით, უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ და უფრო მეტი თანადგომა გამოვუცხადოთ იმ ოჯახებს, რომელთაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ცენტრალურ ხელისუფლებას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„კანონმდებლობიდან გამომდინარე, შუალედური პროექტი უკვე წარვუდგინეთ საკრებულოს, რომლის მიხედვითაც, საბიუჯეტო ნაწილი შედგება მილიარდ 200 მლნ-სგან, ხოლო დონორი ორგანიზაციებისგან მოზიდული გრანტების ფარგლებში, დაახლოებით, 230 მლნ ლარია განსაზღვრული. ჯამურად, ამ ეტაპზე, შუალედური ბიუჯეტი არის მილიარდ 430 მლნ-ზე წარდგენილი. ეს არის შუალედური ბიუჯეტი და არა საბოლოო. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ცენტრალურ ხელისუფლებასთან. რამდენჯერმე მქონდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთანაც. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. გვექნება შესაძლებლობა, დედაქალაქის ბიუჯეტმა სპეცტრანსფერით, დამატებითი თანხები მიიღოს, რათა შევძლოთ იმ პროექტების განხორციელება, რაზეც მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, თბილისელებს ვესაუბრებოდი. საბოლოო ბიუჯეტთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში გვექნება გადაწყვეტილება და ზუსტი ციფრი გვეცოდინება. დღეს რაც არის წარდგენილი საკრებულოში, ეს არის შუალედური ბიუჯეტი. მას შემდეგ, რაც ცენტრალურ ხელისუფლებასთან განხილვას და მოლაპარაკებას დავასრულებთ, დამატებითი სახსრების მობილიზების შესახებ გვეცოდინება და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს საზოგადოებას ინფორმაციის სახით მივაწვდით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

 

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …