თბილისი (BPI) – პროექტ “დანერგე მომავალის” ფარგლებში 7,000 ჰექტრამდე მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი გაშენდა, სახელმწიფოს თანადაფინანსების სახით გაცემული აქვს 34 მილიონ ლარზე მეტი.
პროგრამის დეტალები სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ კახეთში ადგილობრივ ფერმერებს გააცნო და შედეგები შეაჯამა. სააგენტოს დირექტორმა, პაატა შეყელაძემ ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიან გამოყენებაზე. აღინიშნა, რომ, მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, ეტაპობრივად იზრდება პროდუქციის ექსპორტი.
შეხვედრაზე ის მექანიზმები განიხილეს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში წარმოებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, ნიშური ბაზრები დაიკავოს.
პროექტი „დანერგე მომავალი“ „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ხორციელდება. „ერთიან აგროპროექტს“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.