დაინტერესებული ვართ 5G-ის განვითარებით – „სელფი მობაილი“

კომპანია „სელფი მობაილი“, რომელიც ბაზარზე „სელფის“ (Cellfie) ბრენდითაა წარმოდგენილი 5G-ის განვითარებით დაინტერესებულია.

როგორც Business Insider Georgia-ს „სელფი მობაილში“ განუცხადეს, ამ ტექნოლოგიას ინტერნეტის სიჩქარისა და უახლესი ციფრული სერვისების განვითარებისთვის უსასრულო შესაძლებლობები აქვს.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ 5G -ს განვითარებით. ამ ტექნოლოგიას ფაქტობრივად უსასრულო შესაძლებლობები აქვს ინტერნეტის სიჩქარისა და უახლესი ციფრული სერვისების განვითარებისთვის. თუმცა მოცემული ტექნოლოგიის დანერგვას მხოლოდ კერძო სექტორის ძალისხმევა არ ეყოფა რადგან დღესდღეობით ქვეყანაში იმ მოწყობილობების რაოდენობა, რომელთაც აქვთ 5G-ის მხარდაჭერა, არ არის საკმარისად ბევრი. შესაბამისად ჯერ გამზადებული დიდი ბაზარი არ გვაქვს, ამიტომ სწორი ბალანსია დასაცავი საინვესტიციო პაკეტსა და დაფარვის სალიცენზიო მოთხოვნებს შორის“, – განმარტავენ კომპანიაში.

როგორც ცნობილია, კომუნიკაციების კომისიამ მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის, ე.წ. 5G-ის დასანერგად  საჭირო აუქციონის ჩასატარებლად, საჯარო კონსულტაციები დაიწყო. საჯარო კონსულტაციების მიზანია აუქციონის გამოცხადებამდე ყველა დაინტერესებულ პირს მიეცეს შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები აუქციონის პირობებთან  დაკავშირებით.

მე-5 თაობის ინტერნეტის დასანერგად, აუქციონი 23 ლოტზე გამოცხადდება. აუქციონების ფარგლებში დაგეგმილია 700, 3400-3700 და 2600 მეგაჰერცის დიაპაზონების სიხშირული ზოლების გამოტანა. ასევე, დამატებით დაგეგმილია 800 მეგაჰერცის ზოლის გამოტანა.

5G – ეს არის უსადენო ახალი თაობის ინტერნეტტექნოლოგია, რომელიც უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად  გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს,  შეამცირებს დაყოვნებას  და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა. რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.

კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოცხადდება ოთხი აუქციონი ოთხ კომბინირებულ აბსტრაქტულ ლოტზე, რომლებიც ერთმანეთისგან დაფარვის ვალდებულებებით და ფასით განსხვავდებიან.

ოთხივე კომბინირებული აბსტრაქტული ლოტი სიხშირული სპექტრის ორი განსხვავებული დიაპაზონის ზოლებისგან  შედგება და დასახლებული პუნქტების დაფარვის სხვადასხვა ვალდებულებას ითვალისწინებს, რაც შესაბამისად განაპირობებს რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის განსხვავებულ საწყის საფასურს.

პირველი კომბინირებული ლოტის საწყისი საფასური  4 984 000 ლარი იქნება, მე-2 კომბინირებული ლოტის – 2 530 900 ლარი, მე-3 კომბინირებული ლოტის – 2 593 800  ლარი,  მე-4 კომბინირებული ლოტის  კი  – 2 656 700  ლარი.

ოპერატორები, რომლებიც მოიპოვებენ მოცემულ სიხშირეებს ვალდებული იქნებიან 5G ქსელით ეტაპობრივად დაფარონ საქართველოს მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, ტურისტული ზონები, პორტები, აეროპორტები, რკინიგზა და ძირითადი საავტომობილო გზები შემდგომი 3-7 წლის განმავლობაში. 2600 და 3600 მეგაჰერცის სიხშირეები უზრუნველყოფს ინტერნეტის სიჩქარის რამდენჯერმე გაზრდას მსხვილ დასახლებულ პუნქტებში, ხოლო 700 და 800 მეგაჰერცის სიხშირეები ძირითადად გამოყენებული იქნება მოსახლეობის ნაკლები სიმჭიდროვის მქონე დიდი სივრცეების დასაფარად.

გარდა 4 კომბინირებული ლოტისა, აუქციონი დამატებით კიდევ ცალკე მდგომ 19 ლოტზე გამოცხადდება. ყველა ლოტის ფასი განსხვავებულია სიხშირული სპექტრის დიაპაზონისა და ზოლის სიგანის  მიხედვით. ცალკე მდგომ ლოტებზე აუქციონებში მონაწილეობის უფლება ექნება მხოლოდ იმ პირს, რომელიც გამოცხადდება გამარჯვებულად კომბინირებულ ლოტებზე გამოცხადებული აუქციონებიდან ერთ-ერთში მაინც.

შეგახსენებთ, რომ „სელფი მობაილი“ ქართული ტელეკომ კომპანიაა, რომელიც ახალ გამოცდილებას ქმნის კავშირგაბმულობის ბაზარზე. მისი განვითარებული ციფრული ეკოსისტემის დამსახურებით, „სელფი მობაილი“ დგას ციფრული ტრანსფორმაციის სათავეში, რომლის არსიც სიახლეებისთვის, მათ შორის ტექნოლოგიური ნოვაციებისთვის მზადყოფნაა. „სელფი მობაილის“ ციფრული სამყაროს ცენტრში აბონენტია და ყველა თანემედროვე  მიღწევას კომპანია მისი მომხმარებლის საჭიროებებს არგებს.

„სელფი მობაილი“ აერთიანებს ადგილობრივ ტელეკომ ინდუსტრიაში მოღვაწეობის მრავალი წლის გამოცდილებას და მნიშვნელოვან საერთაშორისო პრაქტიკას. კომპანიას ადაპტირებული და დანერგილი აქვს გლობალური ტელეკომ ინდუსტრიის საუკეთესო სტანდარტები, მათ შორის ეთიკისა და კომპლაენსის,  მომხმარებლის მონაცემების დაცვისა და ბიზნეს პროცესების ეფექტურობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით. სადღეისოდ, „სელფი მობაილი“ საქართველოში 1,3 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

„სელფი მობაილის“ მიზანია, მიცეს მის აბონენტებს შესაძლებლობა და მოტივაცია კიდევ უფრო მეტი მიიღონ ტექნოლოგიური მიღწევებისგან, თანაც ისე, რომ ეს მათთვის იყოს მარტივი, სასიამოვნო და დროის დამზოგველი. „სელფი მობაილთან“ ერთად აბონენტს შეუძლია ქონდეს მრავალფეროვანი ინტერესებით სავსე ცხოვრება, ისევე როგორც შთაგონება რომ დაიწყოს რაღაც ახალი და სრულად გამოხატოს საკუთარი თავი. „სელფი მობაილი“ ყველაფერს, რაც აბონენტს ჭირდება ერთიანად სთავაზობს: კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცვლის, სწავლისა და პიროვნული განვითარების, მოგზაურობის, გართობისა თუ მუშობის შესაძლებლობებს. „სელფი მობაილის“ მეშვეობით აბონენტი მის სმარტფონს 360 გრადუსით იყენებს.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …