დაზღვევის სექტორში პრუდენციალური ზედამხედველობიდან უნდა გადავიდეთ რისკზე დაფუძნებულ ზედამხედველობაზე – ირაკლი კოვზანაძე

„დაზღვევის სექტორში პრუდენციალური ზედამხედველობიდან უნდა გადავიდეთ რისკზე დაფუძნებულ ზედამხედველობაზე,“-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის (TWINNING) – „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება,“ დახურვის ცერემონიაზე მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, TWINNING-ის პროექტის ფარგლებში მომზადდა დაზღვევის ახალი კანონპროექტი, რომელიც განსხვავებული იქნება დღეს არსებული კანონმდებლობისგან. მოხდება Solvency II-ის დანერგვა, რაც ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ხელს შეუწყობს დაზღვევის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას სადაზღვევო სექტორის სტატისტიკაზეც ისაუბრა. „ 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით 18 სადაზღვევო კომპანიის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 267,6 მილიონი ლარი, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ – 42,6 მილიონი ლარი. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 111,8 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 324,7 მილიონ ლარს,“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ და აღნიშნა, რომ სადაზღვევო ბაზარს შემდგომი ზრდის დიდი პოტენციალი გააჩნია, რისთვისაც მეტი აქტიურობა და ინოვაციაა საჭირო.

დღეს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის (TWINNING) – „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება“ დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …