დავით საგანელიძე: ინვესტორები საქართველოს ჰიდროენერგეტიკით ინტერესდებიან

თბილისი (BPI) – საქართველოს წყლის რესურსების პოტენციალს აზიის წყლის გენერალური ასამბლეის საბჭოს სხდომაზე, ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გაეცნენ.

ქვეყნის ჰიდრორესურსებისა და საინვესტიციო პოტენციალი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ წარადგინა.

„ჩვენი ქვეყანა, ჰიდროენერგეტიკული პოტენციალით მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს. მიუხედავად ამისა, საქართველოს ამ რესურსის 80% აუთვისებელია. ინვესტორები საქართველოს ჰიდროენერგეტიკისადმი დიდ ინტერესს გამოხატავენ. მთავრობისთვის ჭარბი ელექტროენერგიის გამომუშავებით რეგიონში მთავარი ექსპორტიორის როლის შეთავსება ერთ-ერთი პრიორიტეტია“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.

Asia Water Council-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის ოფიციალური დელეგაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები და მსხვილი საფინანსო ინსტიტუტები დაესწრნენ.

დავით საგანელიძე, ასამბლეის ფარგლებში, აზიის წყლის საბჭოს პრეზიდენტს ჰაკ სუნლის შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ჰიდრორესურსების პოტენციალი და  მწვანე კონცხის წყლის ინფრასტრუქტურის გენერალური გეგმა განიხილეს. აზიის წყლის საბჭოს პრეზიდენტმა ქართულ მხარეს მხარდაჭერა აღუთქვა.

ასამბლეაზე ჰიდრორესურსებთან დაკავშირებულ გლობალურ გამოწვევებზე იმსჯელეს.

გენერალური ასამბლეის საბჭოს სხდომაზე აქცენტი გაკეთდა იმ გამოწვევებზე, რომლებიც დღეს საქართველოს წინაშე დგას, მათ შორის, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, წყალმომარაგების სისტემის მართვის მოდელის შემუშავების, მოდერნიზაციის,  განვითარების, ასევე, დაფინანსების მოძიების მიმართულებით.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …