დავით ნარმანია პრემიუმ ქარის ელექტროსადგურების პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია ტექნოლოგიური ინოვაციის, პრემიუმ ქარის ელექტროსადგურების პრეზენტაციას დაესწრო. სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვა ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის საცალო სეგმენტში განახლებადი ენერგიების გამოყენების კიდევ უფრო განვითარებას, ამასთანავე მცირე სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურების საქართველოში დამონტაჟება შეეძლებათ იმ პირებსაც, რომლებსაც სურთ ისარგებლონ ნეტო-აღრიცხვის სისტემით.
„ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა ნეტო-აღრიცხვის სისტემის გამოყენება. წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე თითქმის 2-ჯერ არის გაზრდილი, რაც განპირობებულია სემეკის მიერ მიღებული ხელშემწყობი და წამახალისებელი რეგულაციებით. დღეისათვის, ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართულია 596 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრეა 32 მეგავატი. მოგეხსენებათ, ნეტო- აღრიცხვის რეგულაციით მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს მზის, ქარის, წყლის გამოყენებით, აწარმოოს ენერგია როგორც საკუთარი მოხმარებისთვის, ასევე პარალელურ რეჟიმში ჩაერთოს სისტემაში და გამანაწილებელ კომპანიას მიყიდოს ჭარბად გამომუშავებული ენერგია.
ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ამ დროისთვის, ძირითადად, ჩართულია მზის პანელები და საკმაოდ მცირეა ქარის სადგურები. სისტემაში პირველი საპილოტე ქარის სადგური 2016 წელს ჩაერთო, პროექტი განხორციელდა თელავში, USAID-ის მხარდაჭერით. მცირე სიმძლავრის ქარის ტურბინები ხელსაყრელი იქნება მათთვის, ვისაც სურს ნეტო-აღრიცხვაში ჩაერთოს ქარით გამომუშავებული ენერგიით. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო პრემიუმ კლასის ქარის ტურბინები 0.6-10 კილოვატამდე დადგმული სიმძლავრით. მოგეხსენებათ, რომ ნეტო- აღრიცხვაში ჩართვა შეუძლია 500 კილოვატამდე დადგმული სიმძლავრის მიკროელექტროსადგურს.“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
პრემიუმ ქარის ტურბინები თურქული კომპანიის Tumurly Smart Technologies Systems წარმოებაა. კომპანიის პროდუქციის პორტფელი მოიცავს მზის პანელებს, ქარის ტურბინებს, სხვადასხვა პროგრამულ უზრუნველყოფასა და დისტანციური მონიტორინგის სისტემებს. საქართველოში თურქული კომპანიის ექსკლუზიური წარმომადგენელია „გემ ჯგუფი“.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …