საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარეს, პროფესორ დავით ნარმანიას, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიწვეულ ლექტორს, მომავალი თაობის განათლების საქმეში შეტანილი წვლილისათვის და ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობისთვის, ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის საპატიო ჯილდო გადაეცა.
დავით ნარმანიას ჯილდო გადასცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ.
„ჩემთვის პატივია ის ჯილდო, რომელიც დღეს გადმომეცა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორისგან. ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის ჯილდო ღირსეულად უნდა ვატაროთ და ჩვენც, პრაქტიკოსმა ლექტორებმა, ვისაც გვიყვარს უნივერსიტეტი, ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ – მომავალ თაობას მივცეთ უმაღლესი დონის განათლება. დღეს, ტექნიკურ უნივერსიტეტში დავათვალიერე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, დავესწარი კარგად ორგანიზებულ მასტერკლასებს, ვნახე თუ როგორ ემზადებიან სტუდენტები პრაქტიკოს ლექტორებთან ერთად, ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული განათლება მათ შეუძლიათ თამამად გამოიყენონ პრაქტიკაში“, – განაცხადა დავით ნარმანიამ დაჯილდოებისას.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სტუმრებმა დაათვალიერეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიები და გაეცნენ უნივერსიტეტში მომდინარე სასწავლო პროცესს. ღონისძიებაზე, დავით ნარმანიასთან ერთად დაჯილდოვდნენ სხვა პროფესორ-მასწავლებლებიც.