დავით ნარმანიამ WAREG-ის წარმომადგენლებს წყალმომარაგების სექტორში სემეკის სატარიფო რეგულირების საკითხები გააცნო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ წყალმომარაგების საკითხებისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე სემეკის სატარიფო პოლიტიკისა და ხედვების შესახებ ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა წყალმომარაგების სექტორისთვის სატარიფო რეფორმის მნიშვნელობასა და ახალი სატარიფო მეთოდოლოგიის აუცილებლობაზე, რომელიც სექტორის ეფექტიან განვითარებას შეუწყობს ხელს.

სემეკის წარმომადგენლებმა წყლის მარეგულირებელთა ევროპული ასოციაციის (WAREG) წევრებს წარუდგინეს ახალი სატარიფო მეთოდოლოგიის პროექტი, რომელსაც სხვადასხვა ევროპული მარეგულირებელი კომისიის მიერ დადებითი შეფასება მიეცა. შეხვედრაზე იმსჯელეს უცხოელი ექსპერტების სარეკომენდაციო ხასიათის მოსაზრებებზე და განიხილეს სატარიფო მიმართულებით ევროპული ქვეყნების გამოცდილება.

სემეკის მიერ შემუშავებული წყალმომარაგების ახალი სატარიფო მეთოდოლოგია, რომელიც წარმოადგენს წყალმომარაგების  სატარიფო რეფორმის მთავარ კომპონენტს, ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებასა და მიზნად ისახავს წყალმომარაგების სექტორში როგორც ტექნიკური, ასევე კომერციული ხასიათის პრობლემების მოკლე დროში აღმოფხვრას.

WAREG წარმოადგენს წყალმომარაგების მარეგულირებელთა ევროპულ ქსელს, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნების მარეგულირებელ კომისიებსა და სამთავრობო უწყებებს. ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას,  ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. სემეკი ასოციაციის წევრი და  დამფუძნებელია. სემეკთან ერთად ასოციაციის წევრ-დამფუძნებლები არიან ბელგიის, ირლანდიის, უნგრეთის, ლიეტუვის, ლატვიის, რუმინეთის, პორტუგალიის, იტალიის, ესპანეთის და სხვა ქვეყნების მარეგულირებელი კომისიები.

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …