დავით ნარმანიამ „ლაჯანურჰესზე“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, სემეკის წევრებთან და აპარატის თანამშრომლებთან ერთად სს „ეპ ჯორჯია გენერაციის“ საკუთრებაში არსებულ ჰიდროელექტროსადგურ „ლაჯანურჰესზე“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ამჟამად, ჰესის მე-3 აგრეგატის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, საინვესტიციო პროექტის მოცულობა 20 მილიონ ლარზე მეტია. 2007 წლიდან 2022 წლის ჩათვლით ლაჯანურჰესის რეაბილიტაციის პროექტებში განხორციელებული ინვესტიციები 40 მილიონ ლარს აჭარბებს.
ლაჯანურჰესი მაღალი დაწნევის ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც მუშაობს მდ. ლაჯანურის და მდ. ცხენისწყლის გადმოგდებით მიღებულ საერთო წყალჩამონადენზე. შესაბამისად, საინჟინრო-ჰიდროტექნიკური ნაგებობები შექმნილია მდ.ცხენისწყალსა და მდ.ლაჯანურზე. კერძოდ, დაბა ცაგერის მახლობლად, მდ.ცხენისწყალზე აგებულია ბეტონის დაბალზღურბლიანი კაშხალი, ხოლო მდ. ლაჯანურის ქვემო დინების ვიწრო ხეობაში სოფელ სურმუშთან, მოწყობილია 69 მ. სიმაღლის წყალსაშვიანი თაღოვანი კაშხალი.
ლაჯანურჰესის მშენებლობა 1950-იან წლებში დაიყო და ის ექსპლუატაციაში 1960 წელს შევიდა. თავიდანვე ჰესი გამორჩეული იყო საქართველოში თავისი მონაცემებით. ლაჯანურზე პირველად დაპროექტდა და აიგო თაღოვანი კაშხალი. მისი სიმაღლე 69 მეტრია და ენგურჰესის ერთგვარ პროტოტიპს წარმოადგენს.
ლაჯანურჰესი საქართველოში პირველი მიწისქვეშა ჰესია. უშუალოდ ჰესის სამანქანო დარბაზამდე მისასვლელი გვირაბის სიგრძე 250 მეტრია. ლაჯანურჰესი დღე-ღამური რეგულირების, დერივაციული ტიპის ჰესია, რომლის საპროექტო გამომუშავება 438.0 მლნ კვტ.სთ-ია.
ლაჯანურჰესის ძირითადი მახასიათებლები:
• ჰიდროაგრეგატების რაოდენობა – 3 ცალი; მათი ნომინალური სიმძლავრე: №1 – 39.14 მგვტ; №2 – 37.28 მგვტ და №3 – 37.28 მგვტ;
• ჰესის დადგმული სიმძლავრე – 113.7 მგვტ, ნაცვლად საპროექტო 111.84 მგვტ-ისა.
• №3 აგრეგატის რეაბილიტაციის შემდეგ მისი ნომინალური სიმძლავრე გაიზრდება 2,663 მგვტ-ით და გახდება 39.943 მგვტ. რის შედეგადაც ჰესის დადგმული სიმძლავრე კიდევ უფრო გაიზრდება და იქნება 116,363 მგვტ.
• ჰესის საპროექტო საშუალო მრავალწლიური გამომუშავება შეადგენს 438.0 მლნ კვტ.სთ;
• წყალსაცავის სრული მოცულობა – 25.0 მლნ.მ3 ; აქედან, სასარგებლო საპროექტო მოცულობა- 18.0 მლნ მ3; ხოლო ფაქტობრივი სასარგებლო მოცულობა -7,5-8,0 მლნ მ3.

შემთხვევითი სიახლე

BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა

თბილისში, Bentley Tbilisi-ის ახალი წარმომადგენლობა გაიხსნა. Bentley Tbilisi-ს წარმომადგენლობას ოპერირებას კომპანიის ექსკლუზიური დისტრიბუტორი „თეგეტა ჰოლდინგი“ …