თბილისი (BPI) – ეროვნული ბანკის ექსპრეზიდენტი ყველაზე მნიშვნელოვან გამოქვევად საგანმანათლებლო კრიზისს მიიჩნევს.
გიორგი ქადაგიძე არსებულ მდგომარეობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ქადაგიძე წერს, რომ ქვეყანაში უხეში გათვლებით მოსწავლეთა მინიმუმ 30%-ს არ აქვს მუდმივი წვდომა კომპიუტერზე და შესაბამისი ხარისხის ინტერნეტზე.
ის წერს, რომ საგანმანათლებლო კრიზისი მთელ მსოფლიოს ემუქრება.
“მსოფლიო ბანკის მიხედვით, 28 მარტისთვის, 1,6 მილიარდი ბავშვი და მოზარდი არ დადის სკოლაში მსოფლიოს მასშტაბით, რაც მოსწავლეთა 80%-ია.
შედარებით უზრუნველყოფილი ოჯახები და სკოლები გაცილებით მარტივად ეწყობიან ონლაინ და დისტანციურ სწავლებაზე, მაგრამ იქ, სადაც ამის საშუალება არ არსებობს, მდგომარეობა ძალიან რთულია.
საქართველოში სასკოლო განათლება რა მდგომარეობაშია ამაზე ახლა აღარ დავწერ. მაგრამ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას ხელმისაწვდომობა განათლებაზე და კიდევ უფრო მეტი უთანასწორობის ნაცვლად, შესაძლებლობად ვაქციოთ ეს ამბავი, აუცილებელია ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროცესის უსწრაფესად დასრულება. ყველა ოჯახს და განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეს უნდა ქონდეს კომპიუტერთან ხელმისაწვდომობა.
ჩემი უხეში გათვლებით მოსწავლეთა მინიმუმ 30%-ს არ აქვს მუდმივი წვდომა კომპიუტერზე და შესაბამისი ხარისხის ინტერნეტზე.
ამაზე უკეთეს ინვესტიციას ვერც სახელმწიფო, ვერც კერძო სექტორი ძნელად თუ გააკეთებს.
მოკლედ, ინტერნეტი და კომპიუტერი ყველა სკოლის მოსწავლის ოჯახში უნდა იყოს გადაუდებელი პრიორიტეტის ამოცანა, გათვალისწინებული მოზიდული
დახმარებების მიზნობრიობაშიც”, – წერს ქადაგიძე.