ორგანიზაცია Foodwatch-ის მიერ გამოქვეყნებული და Der Spiegel-ის მიერ გავრცელებული კვლევის თანახმად, გერმანია დასავლეთ ევროპაში შაქრიანი სასმელების მოხმარების მხრივ პირველ ადგილზეა. სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ გერმანიის რიგითი მცხოვრები მხოლოდ თხევადი სახით დღეში საშუალოდ 26 გრამ შაქარს იღებს, რაც რვა ნატეხ შაქარზე მეტია. ტიპური დღის განმავლობაში გერმანელები დილას ხილის წვენით იწყებენ, შუადღით კოლას მიირთმევენ, საღამოს კი ტელევიზორთან დროს ლიმონათით ატარებენ. ეს მაჩვენებელი საგრძნობლად აღემატება სხვა ქვეყნების მონაცემებს, მაგალითად, ავსტრიაში ეს ციფრი 23 გრამს შეადგენს, ნიდერლანდებში კი 20 გრამს.
სრულიად საპირისპირო ვითარებაა სამხრეთ ევროპაში, სადაც შაქრიანი სასმელების მოხმარება მინიმალურია. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იტალიაში დაფიქსირდა, სადაც ადამიანი დღეში მხოლოდ 9,5 გრამ თხევად შაქარს მოიხმარს, მას მოსდევს პორტუგალია, ესპანეთი და საფრანგეთი. სპეციალისტების განმარტებით, გერმანიის „სავალალო ლიდერობის“ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ გერმანულ ბაზარზე არსებული სასმელები სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით მეტ შაქარს შეიცავს.
Foodwatch-ის წარმომადგენელი ლუიზე მოლინგი აცხადებს, რომ „თხევადი შაქარი“ ადამიანებს აავადებს და ჯანდაცვის სისტემას მილიარდობით ევრო უჯდება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ორგანიზაცია გერმანიის ხელისუფლებას სპეციალური გადასახადის შემოღებისკენ მოუწოდებს. მსგავსი რეგულაცია 2018 წლიდან უკვე მოქმედებს დიდ ბრიტანეთში, სადაც გადასახადის ოდენობა პირდაპირ დამოკიდებულია პროდუქტში დამატებული შაქრის რაოდენობაზე, რამაც მწარმოებლებს რეცეპტურის შეცვლისკენ უბიძგა.
Business Political Insights BPI.GE