გერმანიაში მეორადი მოხმარების ნივთების ბაზარი რეკორდულ ზრდას აჩვენებს და სულ უფრო პოპულარული ხდება მოსახლეობის ყველა ფენაში. Amazon-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გერმანელების ორი მესამედი მეორად ნივთებს ონლაინ პლატფორმების საშუალებით ყიდულობს. განსაკუთრებული მოთხოვნა მეორად ტანსაცმელზე ფიქსირდება: Statista-ს მონაცემებით, 2025 წელს ამ სექტორის ბრუნვამ ქვეყანაში თითქმის 7 მილიარდ ევროს მიაღწია. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ წარსულს ჩაბარდა სტერეოტიპი, თითქოს მეორად სამოსს მხოლოდ ის ადამიანები ყიდულობენ, ვისაც ახლის შეძენის საშუალება არ აქვს; დღეს ეს პროცესი მოდურ და გააზრებულ არჩევანად იქცა.
რაც შეეხება ელექტროტექნიკას, აქ მომხმარებლები შედარებით ფრთხილობენ, თუმცა ზრდის ტემპი მაინც შთამბეჭდავია. მიუხედავად იმისა, რომ მეორად სმარტფონებს გერმანიის მცხოვრებთა მხოლოდ 35% ყიდულობს, ამ ბაზრის ყოველწლიური ზრდა 7%-დან 14%-მდე მერყეობს, მაშინ როცა ახალი ტექნიკის გაყიდვების ზრდა მხოლოდ 4%-ის ფარგლებში სტაბილურდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2025 წლიდან ევროკავშირის ახალი რეგულაციები მწარმოებლებს ავალდებულებს, გაზარდონ პროდუქციის სიცოცხლისუნარიანობა, რის გამოც თავად ბრენდებმა დაიწყეს აღდგენილი (refurbished) გაჯეტების შეთავაზება მომხმარებლებისთვის.
გამოკითხვების თანახმად, ადამიანების გადაწყვეტილებას ორი მთავარი ფაქტორი განაპირობებს. მარკეტინგული პლატფორმა Momox-ის მონაცემებით, მყიდველთა 64% ეკონომიური თვალსაზრისით ხელმძღვანელობს, რადგან მეორადი ნივთების შეძენა ბიუჯეტის დაზოგვის საუკეთესო საშუალებაა. ამასთანავე, მომხმარებელთა 49%-ისთვის გადამწყვეტი გარემოსდაცვითი ასპექტია — მეორადი ნივთების გამოყენება ამცირებს ნარჩენების რაოდენობას და ხელს უწყობს მდგრად განვითარებას. ამგვარად, სეკონდ-ჰენდი გერმანიაში ნიშური სეგმენტიდან მასობრივ ეკონომიკურ ტრენდად გარდაიქმნა.
Business Political Insights BPI.GE