გენგეგმის მიხედვით, მიწის ნაკვეთის ზონირების კორექტირების შემთხვევაში, მოქალაქეებმა მერიას უნდა მიმართონ

თბილისი (BPI) – თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით წარმოდგენილი რეკომენდაციებით, როდესაც საქმე ეხება კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ზონირების კორექტირების საკითხს, მუნიციპალიტეტს შეუძლია, რამდენიმე მიმართულებით იმსჯელოს.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მსგავსი მიწის ნაკვეთების მფლობელებს შეუძლიათ, დედაქალაქის მერიას მიმართონ და ზონირებასთან დაკავშირებით, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„როგორც მოგეხსენებათ, დედაქალაქის საკრებულომ ჩვენი ინიციატივით, ცოტა ხნის წინ დაამტკიცა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელმაც არსებითად შეცვალა ზონირება, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულ, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შეეცვალათ ფუნქციური დანიშნულება. თუ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს გენგეგმის მიღებამდე ჰქონდა სამშენებლო ზონის სტატუსი, დღეს კი რეკრეაციული ან სატყეო სტატუსი მიენიჭა, ეს კერძო მესაკუთრისთვის პრობლემას წარმოადგენს. სხვათა შორის, გენერალურ გეგმაზე როდესაც მიდიოდა მუშაობა, ერთადერთი შემაფერხებელი, რის გამოც მისი მიღება ვერ ხდებოდა, სწორედ ეს საკითხი იყო, თუ როგორ მოვქცეულიყავით, რა გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო ასეთ დროს. შესაბამისად, ეს ყველაფერი გენერალურ გეგმაში უკვე გაწერილია, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ასეთ შემთხვევაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …