გამჭვირვალობა და კომუნიკაცია ეროვნული ბანკის პრიორიტეტია – პაპუნა ლეჟავა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ მონაწილეობა მიიღო ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და „ინტერნიუს საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში – მედიატორი – მედიის როლი ეკონომიკური რეფორმების დღის წესრიგში. ღონისძიების მიზანია საქართველოში ეკონომიკური მმართველობის განვითარების პროცესში მედიის ჩართულობის გაზრდა და  ეკონომიკურ საკითხებზე მედიასაშუალებების მხარდაჭერა.

პაპუნა ლეჟავამ ისაუბრა მედიის მნიშვნელობასა და გავლენაზე  საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში, მოსახლეობის განათლებისა და ქვეყნის განვითარების პროცესში.  მისი განცხადებით,  გამჭვირვალობა და  კომუნიკაცია ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია და მედიასთან ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ეროვნული ბანკი აქტიურად თანამშრომლობს ყველა ტიპის მედიასაშუალებასთან და საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. მან ხაზი გაუსვა ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესის გამჭვირვალობისა და კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ რეფორმებს და ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.

„როგორც ქვეყნის ცენტრალურ ბანკს, მანდატის ფარგლებში პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ვიზრუნოთ ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიან სტაბილურ განვითარებაზე, ფასების სტაბილურობასა და ქვეყნის ფინანსური სექტორის სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირებაზე. ამისთვის კი ქმედითი და ხშირად ხისტი გადაწყვეტილებების მიღებაა აუცილებელი. ამ გზაზე წარმატებული ვერ ვიქნებით მედიის მხარდაჭერის გარეშე. გვესმის, რომ ეს რთული გზა მედიასთან პარტნიორობით უნდა გავიაროთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, გახსნილები ვიყოთ, მოგაწოდოთ ყველა ინფორმაცია და ასევე ღია ვართ შემოთავაზებისა, დისკუსიებისა და შემხვედრი ნაბიჯებისათვის. მჯერა, რომ როგორც ჩვენი, ასევე ჩვენი მედიის ამოცანაც ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაა“ – განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …