გაეროს ქალთა ორგანიზაცია მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას გამართავს

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია” ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას უკვე მესამედ უმასპინძლებს.
გამოფენის გახსნას გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულების ხელმძღვანელი ჯემაიმა ნიუკი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა, ნორვეგიის ელჩი საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული წარმომადგენელი კავკასიაში ალკის დრაკინოსი, კერძო სექტორისა და ბიზნესგაერთიანებების წარმომადგენლები დაესწრებიან.
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 145 მეწარმე ქალი საქართველოდან. მათ შორის იქნებიან ლტოლვილი ქალები უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან. ისინი ღონისძიების სტუმრებს საკუთარ ნაწარმს — საკვებს, ღვინოსა და სხვა სასმელებს, საჩუქრებს, სათამაშოებსა და აქსესუარებს, ხელნაკეთ ნივთებსა და დეკორს, სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებებს, საახალწლო სუვენირებსა და სხვა სადღესასწაულო პროდუქციას წარუდგენენ. მსურველებს მათი შეძენა ადგილზევე შეეძლებათ.
პავილიონში მწვანე და მდგრადი ბიზნესებისთვის გამოყოფილი იქნება ცალკე კუთხე, რომელიც გააერთიანებს პროდუქტებს, რომლებსაც ქალები ნარჩენების, ეკოლოგიურად სუფთა მასალებისა და ტექნოლოგიების დახმარებით ქმნიან. აქვე სტუმრების სოციალური საწარმოების მიერ დამზადებული პროდუქციის შეძენაც შეეძლებათ. გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, მოეწყობა გასართობი და შემეცნებითი კუთხე ბავშვებისთვის, ასევე, საკვები და მუსიკალური სივრცეები. გაიმართება მასტერკლასები, რომლებიც ვიზიტორებს საშუალებას მისცემს, მწვანე ტექნოლოგიების გამოყენებით, საახალწლო ნივთები თავადვე დაამზადონ.
აღსანიშნავია, რომ გამოფენის წინა დღეს ჩატარდება სპეციალური მასტერკლასებიც, რომლებზეც მეწარმე ქალები გაეცნობიან ბიზნესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, მდგრადი ბიზნესის სპეციფიკას, ევროკავშირში ექსპორტის შესაძლებლობებსა და ელექტრონული კომერციის უპირატესობებს. საბოლოოდ, გამოფენა-გაყიდვა ხელს შეუწყობს ქალთა მეწარმეობის პოპულარიზაციას, მათთვის სასარგებლო ცოდნის გაზიარებას, საინტერესო ბიზნესკავშირებისა და პერსპექტიული პარტნიორობების დამყარებას.
ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ), საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და კერძო სექტორთან — თიბისი ბანკთან, სელფი მობაილთან, თეგეტა ჰოლდინგთან, კრისტალთან, სოკართან, BDO-სთან, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და ექსპო ჯორჯიასთან პარტნიორობით ტარდება. მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვა იმართება გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში” ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …