ბუნებრივი გაზის ავტოგასამართი სადგურების ასოციაცია თხევად აირზე აქციზის 450 ლარით განსაზღვრას ითხოვს

თბილისი (BPI) – “საქართველოს ბუნებრივი ავტოგაზგასამართი სადგურების ასოციაცია” მიესალმება საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს თხევადი გაზის აქციზით სამართლიან დაბეგვრას.

2017 წლის იანვარში, ქვეყანაში ყველანაირ საავტომობილო საწვავზე  აქციზის ზრდამ, გარდა თხევადი გაზისა, ეს უკანასკნელი  ყველა სხვა დანარჩენ საავტომობილო საწვავთან მიმართებაში  პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენა.

აღნიშნულმა ფაქტორმა  გამოიწვია ბუნებრივ ავტოგაზგასამართ სადგურებზე რეალიზაციების კრიტიკული კლება, შეჩერდა ქსელის განვითარების პროცესი, ჩადებული სოლიდური ინვესტიციების უკუგების შეჩერებამ მრავალი ოჯახი გამოუვალ ვითარებამდე მიიყვანა: უკვე 35 გაზგასამართი სადგური გაკოტრდა და დაიხურა, უმუშევრად დარჩნენ  დასაქმებული  ადამიანები. 3  წლის წინ ქვეყანაში მოქმედი 200 ერთეული  ბუნებრივი გაზგასამართი სადგურიდან ამჟამად მხოლოდ  165 ერთეული ფუნქციონირებს და მათი უმრავლესობა, ასევე გაკოტრების პირას არის მისული. ამ ფონზე, უსამართლო საგადასახადო დაბეგვრის რეჟიმის გამო, მომრავლებული თხევადი გაზის სადგურების რიცხვი კი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და მათმა რიცხვმა, მოკლე პერიოდში,  ბუნებრივი გაზის სადგურების პირვანდელ ოდენობასაც (200 ერთეული) კი გადააჭარბა.

ჩვენს მიერ, 2017 წლის გაზაფხულზე, საქართველოს მთავრობის წინაშე დაყენებულმა საკითხმა, რომ ბუნებრივ გაზზე დაწესებული აქციზის ოდენობა ( 1მ3 – 20 თეთრი),  არ უნდა ყოფილიყო თხევადი გაზის აქციზზე 3-ჯერ მეტი ( 1 ლიტრი – 6,4 თეთრი), შედეგად მოიტანა  2017 წლის 1 აგვისტოდან გარკვეული ცვლილებები, თუმცა შემოღებულმა თხევადი გაზის დაბეგვრის ორეტაპიანმა მოდელმა  ვერ გაამართლა და ეტაპობრივად თავი იჩინა კანონმდებლობის ხარვეზით გამოწვეულმა მრავალმა ნეგატიურმა ფაქტორმა: მეორე ეტაპის გადასახადისგან თავის არიდებამ, უაქციზო კოდებზე განხორციელებულმა იმპორტმა და სხვა.  გაირკვა, რომ  სრულად ვერ ხერხდებოდა ორეტაპიანი აქციზის გადახდაზე სრულყოფილი ადმინისტრირება და თხევადი გაზის იმპორტირებისას მის შემადგენელ ერთ-ერთ ფრაქციას  საერთოდ არ ეხებოდა აქციზის გადასახადი. შესაბამისად,  იმპორტიორებს, მათ მიერ შემოტანილ და უკვე ერთმანეთში შერეულ 1 ლიტრი თხევად გაზზე გადახდილი აქციზის საშუალო ოდენობა გამოსდიოდათ არა  16,2 თეთრი, არამედ მისი ნახევარი 8,1 თეთრი, ხოლო  ზოგ შემთხვევაში – მანიპულაციების წყალობით,  გაცილებით ნაკლები.

აღნიშნული პერიოდის შემდგომ, ჩვენს მიერ არაერთხელ მოხდა პრობლემის წამოწევა სხვადასხვა უწყებებში, თუმცა უშედეგოდ.

უდაოა, რომ  ბიზნესის განვითარებისთვის და კონკურენტული გარემოს შექმნისთვის აუცილებელია ყველა მეწარმის ერთნაირ საგადასახადო და სამართლიან პირობებში ჩაყენება.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მხარს ვუჭერთ ნავთობსექტორის ყველა სეგმენტის, მათ შორის  თხევადი გაზის ინდუსტრიის განვითარებას, მაგრამ ვთვლით, რომ ეს  არ უნდა მოხდეს მეორე სეგმენტის ინტერესების იგნორირებისა და ჩიხურ ვითარებაში შეყვანის ხარჯზე, რასაც ადგილი ჰქონდა  ბუნებრივი გაზის საწვავთან მიმართებაში უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში.

ჩვენ ყოველთვის ვთვლიდით და ვთვლით, რომ ბუნებრივი აირი უნდა წარმოადგენდეს ქვეყნისათვის პრიორიტეტს, როგორც ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა საწვავი!   აღნიშნული ხედვა განსაუთრებით აქტუალურია მაშინ, როდესაც საქართველოს, როგორც წარმატებული ტურისტული მიმართულების პოტენციალის ყოველდღიური ზრდა ხდება. თხევადი გაზის აქციზით დაბეგვრა უნდა მოხდეს ისე, რომ  დაცული იყოს სამართლიანი ბიზნესის კეთების შესაძლებლობისათვის ყველა პირობა და ბუნებრივი გაზის სეგმენტმა შეძლოს ბაზარზე თავისი პოზიციების შენარჩუნება! დაკეტილი და გაკოტრებული ბუნებრივი გაზგასამართი სადგურების რიცხვი მომავალში აღარ უნდა გაიზარდოს, ხოლო სამუშაო ადგილები ამ მიმართულებით უნდა შეიქმნას.  ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა საავტომობილო საწვავის სტატუსის  მქონე    საწვავს, ყოველმხრივ ხელი უნდა შეეწყოს, რათა სამართლიანი დაბეგვრის რეჟიმის პირობებში  ინდუსტრია კიდევ უფრო განვითარდეს. ზემოთქმულის გათვალისწინებით, ვთვლით, რომ ბუნებრივი გაზის აქციზთან მიმართებაში თხევადი გაზისათვის აქციზის სამართლიანი პროპორცია უნდა განისაზღვროს არანაკლებ 450 ლარით, რაც საშუალებას მოგვცემს განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, განვახორციელოთ ინვესტიციები და შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები.

 

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …