ბოსტონში ქართული ღვინის ფორუმი გაიმართა

თბილისი (BPI) – „ქართული ღვინის ფორუმი“ ქალაქ ბოსტონში გაიმართა, რომლის ორგანიზატორები ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭო, ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო“ იყვნენ. ფორუმის სამდღიანი პროგრამა მოიცავდა „საფერავისა და ქვევრის ღვინის ფესტივალს“, „ქვევრის სიმპოზიუმს“ და „ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარს კომერციული პირებისთვის“. პირველი ფორუმი 2018 წლის ნოემბერში ვაშინგტონში ჩატარდა, რასაც ღვინის პროფესიონალების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

წელსაც, „ქართული ღვინის ფორუმის“ მიმართ ინტერესი დიდი იყო როგორც სამეცნიერო წრეების, ისე ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლების მხრიდან. ქვევრის სიმპოზიუმზე სხვა გამომსვლელებს შორის იყო პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი პატრიკ მაკგოვერნი, რომლის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევების შედეგად მეცნიერულად დადასტურდა, რომ 8 ათასი წლის წინ, მსოფლიოში პირველი ღვინო სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე დაიწურა. „ქვევრის სიმპოზიუმს“ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე დაესწრო, რომელმცა სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას.

ფორუმის ფარგლებში ჩატარებულ საფერავისა და ქვევრის ღვინის კონკურსზე წარმოდგენილი იყო 20-მდე ქართველი მწარმოებლის პროდუქცია, ხოლო დასკვნით დღეს გამართულ ქართული ღვინის დეგუსტაციაზე სხვა ქართული ღვინოების გვერდით, იყო მიმდინარე წელს საქართველოში ჩატარებული ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული 30-მდე ღვინო.
ფორუმის მონაწილეების შეფასებით, მსგავს ფორმატში ქართული ღვინის წარდგენა მიანიშნებს, რომ საქართველოს მეღვინეობასთან არამხოლოდ 8000-წლიანი ისტორია აკავშირებს, არამედ თანამედროვე, განვითარებული ღვინის ინდუსტრია და საუკეთესო ხარისხის მრავალფეროვანი ღვინოები აქვს.

„აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის, ქართული ღვინის ფორუმი იმართება. ამ ღონისძიებებმა შედეგად უკვე მოიტანა მეტი გაყიდვები და ექსპორტის ზრდა ამ უმნიშვნელოვანეს ბაზარზე“ – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ, რომელმაც ქვევრის სამეცნიერო სიმპოზიუმზე თანამედროვე ქართული ღვინის ინდუსტრიასა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის მარკეტინგული სტრატეგიის წარდგენისას.

9 თვის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში ნახევარ მილიონზე მეტი ბოთლია ექსპორტირებული, რაც 60%-ით აღემატება გასულის წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …