ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში რძის პროდუქტების იმპორტი გაიზარდა – გიორგი აბაშიშვილი

ანალიტიკური ორგანიზაცია ჯეოქეისის არარეზიდენტი მკვლევარი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (СIU) ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი გიორგი აბაშიშვილი ქართული რძის ნაწარმის რუსეთის ბაზაზე შესაძლო დაბრუნებას ეხმიანება და განმარტავს, რომ საქართველოში რძის პროდუქტების ნაწარმის იმპორტი მზარდია და 2020 წლის მაჩვენებლებით, რძის პროდუქტებით თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 81%-ს შეადგენს.

“ხალხო ციფრები – ოფიციალური მაჩვენებლები:

1. 2020 წელს 159 ათასი ტონა რძის პროდუქტი შემოვიტანეთ იმპორტით. შედარებისთვის, ეს 116 ათასი ტონით მეტია ათი წლის წინ არსებულ მაჩვენებელზე

2. 2020 წელთან შედარებით ათი წლის წინ 21 ათასი ტონით მეტ რძის პროდუქტს ვაწარმოებდით

3. 2020 წლის მაჩვენებლების მიხედვით რძის პროდუქტებით თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 81 პროცენტია. შედარებისათვის, 10 წლის წინ 12 პროცენტით მეტი იყო თვითუზრუნველყოფა.

#FinFact #რადროსესგანცხადებაიყო (ყველანაირად)”, წერს სოციალურ ქსელში გიორგი აბაშიშვილი.

შეგახსენებთ, რომ რძის პროდუქტების მწარმოებლები რუსეთში პროდუქციის შეტანაზე უარს ამბობს. “სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტებში” აცხადებენ, რომ კომპანია რუსეთში პრიდუქციის ექსპორტს არ აპირებს.

ვეხმაურებით აქტუალურ თემას, რომელიც ქართული რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის რუსეთის ბაზარზე ექსპორტის შეთავაზებას ეხება.

,,სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები” არ გეგმავს რუსეთის ბაზარზე რძის პროდუქტების ექსპორტს. “სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები” არის უმსხვილესი რძის გადამამუშავებელი ქართული კომპანია, რომელიც 1997 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის პრიორიტეტი და უპირველესი საზრუნავი ქართველი მომხმარებელია.

ამ ეტაპზე კომპანია აქტიურად არის ჩართული უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის პროგრამებში.

პარალელურად კომპანია ადგილობრივ ბაზარზე მრავალ ინოვაციას გეგმავს და აქტიურად ემზადება იმპორტირებული პროდუქციის დეფიციტის შემთხვევაში ჩაანაცვლოს საქართველოში წარმოებული პროდუქტით”, განმარტავენ “სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტებში”.

ირკვევა, რომ ქართული რძის ფედერაციის არცერთი წევრი არ ახორციელებს და არც გეგმავს რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტს.

“ქართული რძის ნიშნის მფლობელი არცერთი საწარმო და ქართული რძის ფედერაციის არცერთი წევრი არ ახორციელებს და არც გეგმავს რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტირებას.

ისინი აგრძელებენ მუშაობას ქართულ ბაზარზე. რამდენიმე წელია მეწარმეთა ნაწილს ქართული ყველი აშშ-ში, კანადასა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში გააქვს ექსპორტზე და წელსაც ამ რეგიონებზე არიან კონცენტრირებულები. რუსეთის ბაზარზე ოპერირება მათ მიერ არ განიხილება”, განმარტავენ ქართული რძის ნიშანში.

როგორც ცნობილია, დღეს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ ქართული აგრარული პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის გაზრდის უზრუნველსაყოფად, აქტიური მუშაობა მრავალი წელია, მიმდინარეობს.

„მუშაობა მიმდინარეობს ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის ზრდის მიმართულებითაც.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოლაპარაკებებს აწარმოებს არაერთ ქვეყანასთან, მათ შორის, ერთი კვირის წინ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები საუდის არაბეთთან. 2020 წლიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის მხარესთანაც, რომლის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში.

ამავდროულად, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა სტანდარტებისა და რეგულაციების დანერგვასთან დაკავშირებით, რათა ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტი შესაძლებელი გახდეს ევროკავშირის ქვეყნებში.

ცხოველური წარმოშობის პროდუქციისთვის ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გატარებული პოლიტიკისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ევროკავშირის ბაზარზე 2016 წლის დეკემბრიდან დაშვებულია ქართული თაფლის ექსპორტი და შედეგად, გასულ წელს ევროპაში უპრეცედენტო რაოდენობის თაფლია გასული“,- აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …