მიღწეულია პროგრესი ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის ფუნქციონირებისა და მისი ცნობადობის გაზრდის მიმართულებით – ნათია თურნავა

თურქეთში გამართული ტრანსპორტის მინისტერიალის ფარგლებში, შედგა ოთხმხრივი შეხვედრა, რომელშიც საქართველოს გარდა, თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის დელეგაციებიც მონაწილეობდნენ. საქართველოს დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობდა.

ე.წ. ტრანსკასპიურ მინისტერიალზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩინეთი – ევროპის დამაკავშირებელი ე.წ. შუა დერეფნის მეტად განვითარების საკითხს. აღნიშნული ქვეყნები წარმოადგენენ კიდეც შუა დერეფანს, რომლის მეშვეობითაც ჩინეთიდან ევროპაში და პირიქით ტვირთების გადაზიდვა ხორციელდება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა განსაკუთრებით ბოლო წლებში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის ფუნქციონირებისა და მისი ცნობადობის გაზრდის მიმართულებით, როგორც უმოკლესი, უსაფრთხო და საიმედო გზისა ევროპისა და აზიის დასაკავშირებლად. კერძოდ, ითქვა, რომ დერეფანში განსაკუთრებით გაიზარდა გადატანილი ტვირთების მოცულობა, რაც აღნიშნულ პროგრესზე ცალსახად მეტყველებს.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აქცენტი გააკეთა კონტეინერებით ტვირთბრუნვის მზარდ დინამიკაზე ტრანსკასპიურ შუა დერეფანში. მისი თქმით, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, კონტეინერებით ტვირთბრუნვა ჩინეთიდან საქართველოს გავლით იმპორტის ჩათვლით 12,9%-ით გაიზარდა და ეს პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნებულია წელსაც – 2021 წლის იანვარი-აგვისტოში ეს მაჩვენებელი 268%-ია.

„მნიშვნელოვანია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე გადაყვანილი კონტეინერების რაოდენობა სტაბილურად იზრდება. კერძოდ, 56,4%–იანი ზრდა დაფიქსირდა 2021 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში. ეს ხდება უპრეცედენტო გამოწვევების მიუხედავად, რომელიც გამოიწვია COVID-19-მა და მასთან დაკავშირებულმა ეკონომიკური ფაქტორებმა. ახალი კორონავირუსი იყო ჩვენი სატრანსპორტო სისტემების ნამდვილი გამოცდა და ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის წყალობით, ჩვენ შევძელით, თავიდან აგვეცილებინა მნიშვნელოვანი ხარვეზები ტრანსსასაზღვრო გადაადგილებაში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ, სულ მცირე, შევინარჩუნოთ პოზიტიური დინამიკა სატვირთო გადაზიდვებში,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ჩვენი სატრანსპორტო დერეფნების მდგრადი და ეფექტური მუშაობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია პროაქტიული მიდგომები. „ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ინფრასტრუქტურის განახლების, სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესების, სატრანსპორტო ოპერაციებისა და მომსახურების გაძლიერების გზით კონკურენტული უპირატესობის მუდმივი განვითარება და შენარჩუნება, დერეფანში მზარდი ტვირთების მოცულობის უზრუნველსაყოფად,“ – განაცხადა ნათია თურნავამ. ამ კონტექსტში და შუა დერეფნის ფუნქციონირების კიდევ უფრო გასააქტიურებლად ის მიესალმა ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც მხარეთა კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებისგან შედგება.

ტრანსკასპიური ქვეყნების მინისტერიალზე, საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის დელეგაციებმა ისაუბრეს, თუ როგორ გახადონ შუა დერეფანი უფრო მეტად კონკურენტული გლობალური კონკურენციის პირობებში, რათა ის იყოს უფრო მეტად მიმზიდველი ტვირთებისთვის და ახალი ინფრასტრუქტურული ინვესტიციებისთვის.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …