ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2020 წელს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.9%-ით გაიზარდა

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2020 წელს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.9 პროცენტით გაიზარდა და 114.3 მილიარდი ლარი შეადგინა. კლების ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი. 2020 წელს მისი მოცულობა 46.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 2.7 პროცენტით ჩამორჩება გასული წლის მაჩვენებელს.

2020 წელს მთლიანი ბრუნვის 58.3 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 17.9 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 23.8 პროცენტი – მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 40.3 პროცენტი, საშუალოზე – 27.1 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 32.5 პროცენტი.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2020 წელს 65.1 მლრდ. ლარი, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 41.1 მლრდ. ლარი შეადგინა. ორივე მაჩვენებელი უმნიშვნელოდ ჩამორჩება გასული წლის მაჩვენებლებს (0,4 და 0,1 პროცენტი). 2020 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 703.9 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 7,0 პროცენტით ჩამორჩება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41.5 პროცენტი ქალია, ხოლო 58.5 პროცენტი – კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 37.2 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21.7 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 41.2 პროცენტი – მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 656.3 ათასი კაცი შეადგინა (გასულ წელთან შედარებით – 6.5 პროცენტით ნაკლები). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 9 828.1 მლნ. ლარით განისაზღვრა. 2020 წელს საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 222.9 ლარს გაუტოლდა (გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 61.2 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 952.0 ლარი (გასულ წელთან შედარებით გაიზარდა 87.4 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: ● მსხვილი ბიზნესი – 1 328.9 ლარი, ● საშუალო ბიზნესი – 1 419.6 ლარი, ● მცირე ბიზნესი – 991.6 ლარი.

2020 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 37.9 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 28.1 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 9.5 პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 7.1 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 5.1 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 3.1 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 9.1 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება.

2020 წელს ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (23.0 პროცენტი) და მშენებლობა (19.6 პროცენტი), შემდეგ მოდის ვაჭრობა (17.6 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება – 9.0 პროცენტიანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 30.6 პროცენტიანი წილი უჭირავს.

2020 წელს დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 28.0 პროცენტი, 12.7 პროცენტი და 10.7 პროცენტიანი წილებით). თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (9.2 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (9.4 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (4.5 პროცენტი).

 

შემთხვევითი სიახლე

BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა

თბილისში, Bentley Tbilisi-ის ახალი წარმომადგენლობა გაიხსნა. Bentley Tbilisi-ს წარმომადგენლობას ოპერირებას კომპანიის ექსკლუზიური დისტრიბუტორი „თეგეტა ჰოლდინგი“ …