ბიზნესპარტნიორში სამთავრობო ცვლილებები და ეკონომიკური ინიციატივები განიხილეს

თბილისი (BPI) – სამთავრობო ცვლილებები და ეკონომიკური ინიციატივები  განიხილეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ ლევან კალანდაძემ, კომპანია „გურიელის“ გენერალურმა  დირექტორმა  მიხეილ ჭკუასელმა, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა  სოსო გალუმაშვილმა.

როგორც სოსო გალუმაშვილმა განაცხადა, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მცირე ბიზნესთან კომუნიკაციის კუთხით ძალიან მოიკოჭლებდა.

ბახტაძესთან დაკავშირებით ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია ბიზნესთან კომუნიკაცია, სადაც პრემიერი აშკარად მოიკოჭლებდა. ერთია ლარის კურსზე მოქმედი ფუნდამენტური ფაქტორები და მეორეა კურსის მიმართ მოლოდინების მართვა, რაც პრემიერისა და მისი კაბინეტის კომპეტენციაში შედის.

მართალია, იყო მსხვილ ბიზნესთან გარკვეული შეხვედრები და კომუნიკაცია, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო, რადგან ეს მოლოდინები არ ყალიბდება მხოლოდ დიდ ბიზნესში. მოლოდინის პრობლემა მოდის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებიდან. ბახტაძეს დიდ ბიზნესთან კომუნიკაციაში პრობლემა არ ჰქონდა, მაგრამ ქვემოთ ადამიანები მიტოვებული იყვენენ“, – განაცხადა  გალუმაშვილმა.

როგორც კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელი აცხადებს, მნიშვნელოვანია განისაზღვროს ის, თუ როგორი უნდა იყოს ახალი პრემიერ–მინისტრი. მისი მტკიცებით, ახალ პრემიერს სჭირდება ძალიან კონკრეტული მიმართულებით ხედვები და სტრატეგიები. არის საკითხები, რომელიც ბოლომდეა მისაყვანი, გარდა ამისა, არის საკითხები, რომელიც სასწრაფოდაა დასაწყები. ერთ–ერთი ასეთია ენერგეტიკის მიმართულება, რაზეც საკმაოდ მოკლე დროში უნდა დაიდოს კონკრეტული სტრატეგია, კონკრეტული ინპლემენტაციის გეგმა, რომელიც დაგვანახებს იმას, თუ საით მიდის სახელმწიფო.

“25 წლის განმავლობაში წელს იყო პირველი ივლისი, როდესაც ჩვენ ელექტროენერგია ვიყიდეთ.ენერგეტიკული სისტემის მოწყობიდან გამომდინარე,ძალიან ბევრი რამე ტექნიკურად ვერ ხერხდება, ამიტომ პირველ რიგში, ელექტროენერგიის, მათ შორის ჰესების მიმართულებით უნდა ჩამოყალიბდეს სტრატეგია და გეგმა“–აცხადებს გალუმაშვილი.

პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძის საქმიანობას აფასებს კომპანიაგურიელისგენერალურდირექტორი  მიხეილ ჭკუასელიც. მისი განმარტებით, პრემიერი მამუკა ბახტაძე მოვიდა  დაახლოებით 1 წლის წინ და მას ჰქონდა 5 პრინციპი და 36 სტრატეგიული მიმართულება. აქედან ორი პრინციპი იყო მცირე მთავრობის კონცეფცია და უფრო ეფექტური მუშაობა,ბიუროკრატიის შემცირება.

ჭკუასელი აცხადებს, რომ  მცირე მთავრობის კონცეფციის კუთხით ნაბიჯები გადაიდგა, რაც სამინისტროების რაოდენობის შემცირებაში გამოიხატა, თუმცა, ბიუროკრატია ეფექტური არ გამხდარა.

„სტრატეგიული ხედვა, რომელიც პრემიერმა განაცხადა, აბსოლუტურად სწორი იყო. ზედა დონეზე მან გარკვეული ნაბიჯები გადადგა, რომელიც სამინისტროების ოპტიმიზაციას გულისხმობდა, მაგრამ სიღრმისეული რეფორმა, როდესაც საუბარი გვაქვს სახელმწიფო მენეჯმენტზე და ბიუროკრატიაზე, არ განხორციელებულა“–აცხადებს ჭკუასელი.

მისი აზრით, მამუკა ბახტაძემ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კუთხითაც კარგად იმუშავა, თუმცა ე.წ. ელექტრონული მთავრობის მექანიზმის დანერგვა ვერ მოახერხა.

მან გამოაცხადა, რომ ტექნოლოგიები და ინოვაციები ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა და ბევრი ნაბიჯიც გადადგა. მას ხშირად ჰქონდა შეხვედრები აშშის წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან და უნივერსიტეტებთან. ამ ვიზიტების შედეგი ალბათ წინ გველოდება, რადგან ბევრი დაგეგმილი პროექტია განსახორციელებელი, მაგრამ სახელმწიფო მენეჯმენტში ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით, სამწუხაროდ, ისევ ერთ ადგილს ვტკეპნით.

არ მოხდა .. ელექტრონული მთავრობის დანერგვა, მეტი ტექნოლგიის, .. ბლოკჩეინის პრინციპებზე სამთავრობო სტრუქტურების გადაყვანა, ომელიც საშუალება მოგვცემდა, პირველ რიგში ბიუროკრატია შეგვემცირებინა და მეორე რიგში სწრაფი გადაწყვეტილებები მიგვეღო. ეს გამოიწვევს ხარჯების შემცირებას და მართვა ბევრად უფრო ოპტიმალური იქნება. სამწუხაროდ, ეს ჯერ არ მომხდარა – განაცხადა მიხეილ ჭკუასელმა.

მისი განმარტებით, ასევე მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა სწორად ხდება თუ არა ინფლაციის გაანგარიშება. „იმის შემდეგ, როდესაც ჩვენ განვსაზღვრეთ, რომ ინფლაცია უნდა იყოს 3%–ი, გაანალიზდა რატომ უნდა იყოს ეს მაჩენებელი? იქნებ 6% ან 7%–ი უნდა იყოს და ამითი ეკონომიკას სულ სხვა ბიძგი მივცეთ.ეს საკითხი შესასწავლია“–აცხადებს ჭკუასელი.

ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ლევან კალანდაძე კი განმარტავს, რომ მამუკა ბახტაძე გადადგომის ტექსტის მიხედვით იყო თვითკრიტიკულიც, როდესაც განაცხადა, რომ როგორ შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს ქვეყნის მმართველის საქმიანობა და ზოგადად, მმართველობა, როდესაც ჩვენ კიდევ გვაქვს პრობლემები ოკუპაციის და სიღარიბის. „მე ეს ნათქვამი და ეს თვითკრიტიკა ძალიან მომეწონა, რადგან მაგალითად, ლარი როგორც ნომერ პირველი გამოწვევა კვლავ აქტუალურია“–აცხადებს კალანდაძე.

მისი განმარტებით, ბიზნესომბუდსმენის ოფისი ბოლო პერიოდში ყველაზე აქტუალურად ეროვნული ვალუტის კურსის პრობლემას განიხილავს, მიუხედავად იმისა, რომ ვალუტის კურსი ბიზნესომბუდსმენის ოფისის კომპეტენციას სცილდება.

მისი ინფორმაციით, ბიზნესთან კომუნიკაციის დროს, ლარი ნომერ პირველ პრობლემად სახელდება. მეორე, ყველაზე მტკივნეულ პრობლემად ბიზნესი სწრაფი გადაწყვეტილებების საკითხს ასახელებს.

გასაგებია, რომ მცირე ზომის და ამავე დროს ღია ტიპის ეკონომიკა ვართ. მცირე ეკონომიკას ღია ეკონომიკის პირობებში ძალიან ბევრი რისკები ახლავს. ამას შესაბამისი მენეჯმენტი სჭირდება.

ჩვენ არ გვაქვს იმის დრო, რომ ესა თუ ის პროექტი და კონცეფცია , დროში ძალიან დიდხანს  გავაჭიანუროთ. ეს ფუფუნება არ გვაქვს.  ჩვენ ძალიან სწრაფი გადაწყვეტილებები გვჭირდება. ვნახოთ, დაველოდოთ როგორ დალაგდება მთავრობა, მთავრობის ეკონომიკური გუნდი. მაგრამ ფაქტია, რომ ლართან დაკავშირებული თემების პარალელურად, დღის წესრიგში სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობა  დგება.

როცა მცირე ზომის მთავრობაზე ვსაუბრობთ, ეს არის მცირე ბიუროკრატია, რომელიც სწრაფ გადაწყვეტილებებს უკავშირდება. ბევრი ენერგოპროექტი გვახსოვს, რომელზეც აღარ ვსაუბრობთ და ის პროექტები ჯერ არ არის განხორციელებული – განმარტა კალანდაძემ.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სად მივდივართ–ვაშენებთ სახელმწიფოს, როდესაც მთელი მოსახლეობა სოციალურ შემწეობებზე იქნება დამოკიდებული, თუ ეს იქნება სახელმწიფო, რომელიც იდგება ძლიერ ბიზნესზე და მდიდარ ადამიანებზე.

ბიზნესომბუდსმენის მოადგილე თვლის, რომ ქვეყნის ეკონომიკას რისკების უკეთესი მენეჯმენტი სჭირდება და როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ეს  მხოლოდ სამხედრო აგრესიისაგან დაცვა არ არის.

კალანდაძის განმარტებით, ის, რაც ივლისის მოვლენების შემდეგ მოხდა, როცა ფორმალურმა რუსულმა ემბარგომ მნიშვნელოვნად დააკორექტირა სავალუტო ნაკადები, ასეთ რისკებს წინასწარ განსაზღვრა სჭირდება. ბიზნესომბუდსმენის მოადგილე თვლის, რომ უნდა არსებობდეს გარკვეული გეგმა, რა შემთხვევაში როგორ ვიქცევით და რისკების მართვაც ნაკლებად მტკივნეული იქნება.

შესაბმისად, ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გახდეს – განაცხადა კალანდაძემ.

მამუკა ბახტაძის პრემიერობს პერიოდი შეაფასა ილიაუნის ბიზნესსკოლის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმაც. მისი განმარტებით, მამუკა ბახტაძე ყოველთვის წინა პლანზე აყენებდა სახელმწიფო ინსტიტუტების თანამშრომლობისა და სიძლიერის საკითხს, რისთვისაც მას მადლობა ეკუთვნის.

რაც შეეხება ახალ პრემიერს, აბაშიშვილი მას ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხების თანაბარ პრიორიტეტებად აღიარებას ურჩევს.

პრემიერი ბახტაძე წინა პლანზე ყოველთვის სახელმწიფო ინსტიტუტების თანამშრომლობისა და სიძლიერის საკითხებს აყენებდა, რაც ძალიან დასაფასებელია.  ვისურვებდი ისეთ პრემიერს, რომელიც გადაწყვეტილებებს ძალიან სწრაფად მიიღებდა და რომლისთვისაც მთავარი პრიორიტეტები იქნებოდა, როგორც ეკონომიკური განვითარება, ისე უსაფრთხოება. შესაბამისად, საქართველოს თითოეული მოქალაქე ერთი მხრივ ეკონომიკური თვალსაზრისით უკეთ იცხოვრებდა, ინკლუზიურ განვითარებას ვგულისხმობ, რასაც ამ დრომდე ვერაფრით მივაღწიეთ. და მეორე მხრივ, საკუთარ ქვეყანაში და სახლში თავს მაქსიმალურად დაცულად იგრძნობდა, როგორც შიდა, ისე გარე საფრთხეების მიმართ – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

რაც შეეხება ლარის საკითხს, აბაშიშვილის მოსაზრებით,საქმე ფუნდამენტურ ფაქტორებშია და აუცილებელია მისი ანალიზი. „რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ გამოვიდეს ეროვნული ბანკი და დახარჯოს რეზერვები, რას მივიღებთ? დახარჯა და რა მივიღეთ? ვინმემ დასვას კითხვა სად წავიდა რეზერვის ის თანხა? ჩემი მთავარი კითხვა ესაა–რატომ დახარჯა, რამე გათვლა იყო, რამე კარგი ანალიზი იყო გაკეთებული? შესაძლოა რეზერვიც დაიხარჯოს, მაგრამ პირველ რიგში, თუ არ მოხდა ფუნდამენტური ფაქტორების ანალიზი, ესე საუბარი და ტაბლოზე ყურება, უბრალოდ არასწორია.

ივლისში ელექტროენერგია რომ ვიყიდეთ ესეიგი რა მოხდა? გავიდა ვალუტა. ასეა ანალიზი საჭირო“–აცხადებს აბაშიშვილი.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …