ბიზნესომბუდსმენი ფინანასთა სამინისტროს კონტრფრაქციული საქონლის განადგურების იდეას სთავაზობს

თბილისი (BPI) – ბიზნესომბუდსმენი ფინანასთა სამინისტროს მიმართავს კონტრფრაქციული საქონელი, ნაცვლად შემდგომი რეალიზაციის მიზნით სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევისა, დაექვემდებაროს განადგურებას.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს 2018 წლის 17 ივლისის და იმავე წლის 11 სექტემბრის განცხადებებით საქართველოს პატენტრწმუნებულთა ეროვნულმა ასოციაციამ (ს/ნ 405002991) კონტრაფაქციული საქონლის ბრუნვის აკრძალვის საკითხზე მიმართა.

ასოციაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასაქონლო ნიშნების მფლობელთა მიმართვის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის და საგამოძიებო სამსახურის მიერ სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული (ჩამორთმეული) კონტრაფაქციული საქონელი მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში და შემდგომი განკარგვის მიზნით გადაეცემა სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, რაც საერთო წესის შესაბამისად ექვემდებარება  რეალიზაციას – ელექტრონული აუქციონის (www.eauction.ge) ან/და მისი კუთვნილი სავაჭრო ობიექტების მეშვეობით.

შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული კონტრაფაქციული საქონელი კვლავ ხვდება სამოქალაქო ბრუნვაში, რაზედაც ასოციაცია გამოთქვამს უკმაყოფილებას.

განმცხადებელი განმარტავს, რომ ჩამორთმეული კონტრაფაქციული საქონელი, რომელიც წესით უნდა ექვემდებარებოდეს განადგურებას, არ უნდა გადაეცეს მომსახურების სააგენტოს, რადგან ეს უკანასკნელი კანონმდებლობის მიხედვით მოწოდებულია მოახდინოს მისთვის გადაცემული აქტივების მაქსიმალურად ეფექტიანად რეალიზაცია და მიღებული ფულადი სახსრების სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზება.

ამდენად, ასოციაციას მიაჩნია, რომ მომსახურების სააგენტოსთვის ისეთი საქონლის გადაცემა, რომლის რეალიზაციაც (სამოქალაო ბრუნვაში გაშვებაც) აკრძალულია და არღვევს კანონს, გაუმართლებელია და ამგვარი მიდგომა უნდა შეიცვალოს.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი იზიარებს საქართველოს პატენტრწმუნებულთა ეროვნული ასოციაციის მიერ დასმული საკითხის მნიშვნელობასა და მისი მხარდაჭერის საჭიროებას.

მიგვაჩნია, რომ კონტრაფაქციული საქონლის გამოვლენისას, იგი უნდა დაექვემდებაროს ჩამორთმევას (სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებას) და განადგურებას, ნაცვლად სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევისა, რაც საჭიროებს ცვლილებებს კანონმდებლობაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, გთხოვთ თქვენს მხარდაჭერას საკითხის დადებითად გადაწყვეტისთვის.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …