ბიზნესი და კორპორაციული პასუხისმგებლობა

თბილისი (BPI) – ქართული კომპანიების დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არ ესმის კორპორაციული პასუხისმგებლობა. რეალობა კი აჩვენებს, რომ კორპორაციულ პასუხისმგებლობაში ინვესტიციის ჩადება პირველ რიგში თავად კომპანიისთვის არის მომგებიანი, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტო „სიდას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა  საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.

აღნიშნულ დასკვნას ზურაბიშვილი ბიზნესში კორპორაციული პასუხიმგებლობის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც პირველად საქართველოში საკონსულტაციო კომპანია „ინოვამ“ ჩაატარა.

კვლევის დროს 1053 კომპანია გამოკითხა და აღმოჩნდა, რომ კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს კომპანიის სტრატეგიაში გამოკითხულთა მხოლოდ 26 პროცენტი ითვალისწინებს.

„წელს პირველად ჩატარდა საქართველოში ასეთი მასშტაბური კვლევა, რომელიც კორპორაციული პასუხისმგებლობის მრავალ მიმართულებას მოიცავდა. კვლევის მიზანი იყო გაერკვია, რას საქმიანობს ბიზნესსექტორი ამ მიმართულებით, ესმით თუ არა კორპორაციული პასუხისმგებლობა და რას გეგმავენ ამ კუთხით. სამწუხაროდ, დიდ რაოდენობას ჯერ კიდევ არ ესმის კორპორაციული პასუხისმგებლობა. კვლევამ გამოავლინა, რომ კომპანიებს უფრო ესმით ქველმოქმედება, სპონსორული პროექტები, სფეროს განვითარების პროექტები, თუმცა კომპანია ხშირად არ ფიქრობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა, შრომის უფლებების სტანდარტები, კორუფციასთან ბრძოლა. საქმე ისაა, რომ კომპანიას ეს საკითხები კორპორაციული პასუხიმგებლობა არ ჰგონია და არ დგამს ნაბიჯებს ამ მიმართულებით. იგი თვლის, რომ ინვესტირება ქველმოქმედებისა და სპონსორობის მიმართულებით უფრო მნიშვნელოვანია და კომპანიის მოგება პიარის მეშვეობით უფრო გაიზრდება. თუმცა რეალობა სულ სხვაა, რა თქმა უნდა კორპორაციულ პასუხისმგებლობაზე ყურადღების გამახვილება და ინვესტიციების ჩადება პირველ რიგში თავად კომპანიისთვის არის მომგებიანი“, – განმარტა ზურაბიშვილმა.

მისი ინფორმაციით, კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ხშირად კომპანიების სტრუქტურაში არც კი არსებობს კორპორაციული პასუხიმგებლობის მდივანი და მის ფუნქციებს ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება ან საზოგადოებრივი ურთიერთობების განყოფილება ითავსებს.

საკონსულტაციო კომპანია „ინოვას“ მკვლევარმა, ნათია ღვინიაშვილმა აღნიშნა, რომ მსხვილი ბიზნესი კორპორაციული პასუხისმგებლობის უკეთეს ცოდნას ამჟღავნებს ვიდრე მცირე. თუმცა, მისი თქმით, ქართულ კერძო სექტორში კორპორაციული პასუხისმგებლობის კონცეფციის სუსტი ცოდნის მიუხედავად, კვლევის შედეგების ერთმნიშვნელოვნად უარყოფით კონტექსტში განხილვა არ შეიძლება, რადგან ეს ამ მიმართულების პირველი კვლევაა და კვლევის საგნის განვითარების დინამიკა არ იკვეთება.

„სურათი რადიკალურად განსხვავდება მსხვილი და მცირე ბიზნესის შემთხვევაში და ეს ლოგიკურიც არის. მსხვილი ბიზნესის შემთხვევაში ბევრად უფრო კარგი სურათი გვაქვს. თუნდაც ის 26 პროცენტი, რომლის სტრატეგიის ნაწილიც არის კორპორაციული პასუხისმგებლობა, შეიძლება ითქვას, არც ისე ცოტაა. ეს მონაცემები არ უნდა განვიხილოთ ცალსახად, როგორც ცუდი ან კარგი, რადგან სურათის დანახვა დინამიკაში გვჭირდება. სამწუხაროდ, ანალოგიური კვლევა აქამდე არ ჩატარებულა. ამიტომ შესადარებელი მონაცემები არ გვაქვს. თუმცა თუ მომავალში ეს პერიოდულად განმეორდება და დინამიკა დადებითი იქნება, ანუ მომავალ წელს აღნიშნული 26 პროცენტი 30 ან 35 პროცენტი გახდა, ესე იგი, დინამიკა დადებითი იქნება. დღეის მდგომარეობით, აჯობებს, შავ-თეთრ სურათს ნუ დავხატავთ“, – განაცხადა ღვინიაშვილმა.

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …